ახალი ამბები

რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში პარლამენტი 4 წლის ვადით არ აირჩევა

12 მარტი, 2020 • 2572
რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში პარლამენტი 4 წლის ვადით არ აირჩევა

2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტი აირჩევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გათვალისწინებული წესით – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 130/20-ზე თანაფარდობით.

ამას ითვალისწინებს ახალ სააღჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დაარეგისტრირა.

საქართველოს კონსტიტუციით, 2020 წლის შემდეგ ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ “2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად, ყველა მომდევნო კი სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით”.

შეთანხმებაში არსებული ჩანაწერისგან განსხვავებით, პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ 2020 წლისთვის განსაზღვრული წესით ჩატარდება არა მხოლოდ პირველი, არამედ 2024 წლამდე დანიშნული ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები. თუმცა რიგგარეშე არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტი 4-წლის ვადით არ იმუშავებს, ვინაიდან 2024 წლის ოქტომბერში ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით.

“2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან”, – წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ გზით საკონსტიტუციო ინიციატივა ერთგვარად აზღვევს პარლამენტის დათხოვნის ხელოვნურად პროვოცირებას.

“თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ მაგალითად 2023 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, ასეთ შემთხვევაშიც  მომდევნო არჩევნები ჩატარდება 2024 წლის ოქტომბერში. ანუ, რიგგარეშე არჩევნების გზით არჩეული  პარლამენტი არჩეული არ იქნება 4 წლის ვადით. 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად ჩატარდება არჩევნები უკვე სრულიად პროპორციული წესით. ამ ჩანაწერის მიზანია, რომ ხელოვნურად არ მოხდეს პარლამენტის დათხოვნის პროვოცირება იმ გათვლით, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს სრულიად პროპორციული წესით. ასეთი მონდომება რომ არავის გაუჩნდეს, ამიტომ კონსტიტუციური ინიციატივა ერთგვარად აზღვევს რისკებს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი