ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთი მონაკვეთი ცხინვალის კონტროლის ქვეშ მოექცა

11 აგვისტო, 2015 •
საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთი მონაკვეთი ცხინვალის კონტროლის ქვეშ მოექცა

რამდენი მეტრით გადმოწია ცხინვალის მხარემ საზღვარი, საგარეო უწყების განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა, ნეტგაზეთს თამარაშენში მცხოვრებმა გია კაჟაშვილმა განუცხადა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი, დაახლოებით, 500 მეტრით ახლოს, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში დაამონტაჟეს.

 

“ჩვენი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები მოჰყვა ამ ტერიტორიაზე”, – ამბობს თამარაშენის მკვიდრი.

 

მისივე განმარტებით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე პოლიციის გარდა, არცერთი ოფიციალური პირი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, დავით ბაქრაძისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ილია ბურჯანაძის გარდა, არავინ მისულა.

 

მომხდართან დაკავშირებით, ნეტგაზეთი შეეცადა დაკავშირებოდა ქარელის გამგებელს, მის მოადგილეს და სოფელ თამარაშენის რწმუნებულს, თუმცა, როგორც გამგეობის პრესსამსახურში განგვიცხადეს, გამგებელი შვებულებაშია. რაც შეეხება სხვა ოფიციალურ პირებს, მის მოადგილესა და სოფლის რწმუნებულს, მიუხედავად მათთან ტელეფონზე დაკავშირებისა, გვითხრეს, რომ “ცუდ ადგილას დგანან და ჩვენი ხმა არ ესმით”.

 

ახალი ბანერების აღმართვაზე ამ დრომდე [13:00, 11 აგვისტო] კომენტარი ან განცხადება არც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში გაუკეთებიათ. როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, ადგილზე ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს.

 

ახალი ბანერების აღმართვაზე და საზღვრის კვლავ გადმოწევაზე გუშინ, 10 აგვისტოს მედიამ კომენტარი თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელსაც სთხოვა.

 

“არავითარი საზღვრის გადმოწევა არ ხდება, საზღვარი გადმოიწია ბევრი კილომეტრით 2008 წლის აგვისტოში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

“მსგავს უკანონო ქმედებას ადგილი ჰქონდა ასევე 6 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს განმეორებით იქნა დამონტაჟებული”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც განცახდებაში წერია, “გმობს მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან|.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი