ბარსელონასთან ხვალინდელ მატჩის შანსები 50/50-ზე შეაფასა ხოსე ანტონიო რეიესმა.
“ვიცით, როგორი გუნდიც არის ბარსელონა, მაგრამ ყველაფერი 0-0-დან იწყება”, – თქვა რეიესმა.
იმედიანადაა განწყობილი გუნდის კაპიტანი კოკეც, რომელიც ამბობს, რომ თბილისში მოსაგებად ჩამოვიდნენ:
“ჩვენ უეფას სუპერთასისათვის შარშანაც ვიბრძოდით, თუმცა დავმარცხდით მადრიდის რეალთან… რეალმა დამსახურებულად მოგვიგო და ახლა ვეცდებით, რომ ჩვენც დამსახურებულად გავიმარჯვოთ”, – თქვა კოკემ.
შედარებით ფრთხილი განცხადებით შემოიფარგლა მწვრთნელი უნაი ემერი, რომელმაც ბარსელონა ფავორიტად დაასახელა, თუმცა მისი თქმით, ისინი ეცდებიან, რომ თბილისში საკუთარი ფეხბურთი ითამაშონ და ბოლომდე იბრძოლონ გამარჯვებისთვის.
უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში ხვალ, 11 აგვისტოს გაიმართება ადგილობრივი დროით 22:45 საათზე, ერთმანეთს ჩემპიონათა ლიგის გამარჯვებული ბარსელონა და ევროპის ლიგის მფლობელი სევილია დაუპირისპირდებიან.