შსს-ს ცნობით, გიორგი კარბელაშვილი ავტო-საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდა. უწყება აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დეპუტატმა და მისმა თანმხლებმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულის ეკიპაჟის თანამშრომლებს.
დაკავებული ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ კარბელაშვილის ოჯახის წევრებს და პარლამენტის ვიცე სპიკერს, გიორგი ბარამიძეს. კარბელაშვილის მეუღლეს განცხადების დაწერის საშუალება არ მიეცა. საპატრულო პოლიციის განცხადებით, შენობა დაკეტილი იყო, რადგან წინა საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობდა და ამით კანონი არ დარღვეულა.
კარბელაშვილი გამთენიისას გორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც ოსიაურის პოლიციის შენობასთან არეულობა მოჰყვა. შენობის წინ შეკრებილები კარბელაშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული კადრებით, პარლამენტარს შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი.
გიორგი კარბელაშვილი ამ დროისათვის უკვე გაათავისუფლეს, რადგან მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. მასთან ერთად მყოფი პირი კვლავ დაკავებულია.
გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).