ახალი ამბები

4 ევროპარლამენტარი 8 მარტის შეთანხმებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

10 მარტი, 2020 • 1321
4 ევროპარლამენტარი 8 მარტის შეთანხმებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვანი წევრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გასული კვირა დღე გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

“ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ უპირატესობა მიანიჭეს თავისი ქვეყანისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მადლობას ვუხდით დიპლომატებს, ვინც ღირებული მედიაციის საშუალებით ამ პროცესს ფასილიტაცია გაუწიეს, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

“კვლავ გვსურს აღვნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამყარების მნიშვნელობა და მოვუწოდოთ საკვანძო თანამდებობებზე ისეთი დანიშვნების თავიდან აცილებისკენ, რომელიც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ქართველ პარტნიორებს, სრულად განახორციელონ შეთანხმება და უზრუნველყონ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებელი მიღება, რომ მომდევნო არჩევნები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს, რადგან ეს ნაბიჯები საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადამწყვეტი იქნება. ა

“ასევე შეგახსენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია უმნიშვნელოვანესია შეუფერხებელი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე;
  • სვენ მიქსერი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები / ევროპის თავისუფალი ალიანსი, გერმანია), საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრი.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო სისტემა ჩატარდება პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატების 120/30-ზე თანაფარდობით. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი კი 1% იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი