“დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა. ამავდროულად, კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმ შეცდომებზე, რაც იყო დაშვებული და ვფიქრობთ იმაზე, რაც არის გასაკეთებელი. საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო; ჩვენ ამას გავაკეთებთ, არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ ერთიანი პოლიტიკით; წლის დასაწყისში ჩვენ ქართული საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების შიგნით დავიწყეთ დისკუსიები და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რაში უნდა გავერთიანდეთ აბსოლუტურად ყველა და ზუსტად, კორდინირებულად ვაწარმოოთ ერთიანი პოლიტიკა, საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, განურჩევლად იმისა, რომელ კოალიციას და პარტიას მივეკუთვნებით.
მე პირადად ვმონაწილეობ ამ პროცესში და მისი შინაარსი მდგომარეობს შემდგომში – საქართველო უნდა გაერთიანდეს! გაერთიანდეს არა დაპირისპირებით, არამედ სიყვარულითა და მეგობრობით! ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრეზიდენტთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი ბარბაქაძე იმყოფებოდნენ.