ახალი ამბები

რუსთავი 2-ის პარტნიორების წილები დაყადაღებულია

7 აგვისტო, 2015 •
რუსთავი 2-ის პარტნიორების წილები დაყადაღებულია

რეგისტრირდება სამართლებრივი შეზღუდვა: პარტნიორებზე – ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%), ნინო ნიჟარაძე (9%).

 

კერძოდ, სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე ამ პირებს ეკრძალებათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, საზოგადოების სახელით ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა, პარტნიორებისთვის და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით, თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა – უფლებრივად დატვირთვა.

 

ამას გარდა, სასამართლოს განჩინებით უფლებამოსილება შეზღუდული აქვთ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამაიას და ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას.

 

შესაბამისი ინფორმაცია უკვე განთავსდა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოსარჩელე მხარის, ქიბარ ხალვაშის განცხადების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა რუსთავის 2-ის წილის დაბრუნების საკითხზე 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და 5 აგვისტოს სასამართლომ წილების და ქონების დაყადაღებაზე განჩინება უკვე გამოიტანა. 


“წილების ასივე პროცენტს დაედო ყადაღა. მე შემიძლია გითხრათ, რას ადევს ყადაღა: ეს არის 100% წილების, ეს არის უძრავ–მოძრავი ქონება, რომლის გასხვისებაც არის აკრძალული სასამართლოს განჩინებით, თუმცა, ეს არ უშლის “რუსთავი 2–ს” ხელს იმაში, რომ ჩვეულებრივ საქმიანობისთვის გამოიყენოს ეს ქონება და განაგრძოს ფუნქციონირება იმავე რეჟიმში,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი