არ დათვლილა არც სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა. როგორც სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, 2008 წლის სექტემბერში შექმნილმა კომისიამ, რომელსაც უნდა შეესწავლა რუსეთი აგრესიის შედეგად სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალი, 2010 წლის აპრილის თვეში ისე შეწყვიტა მუშაობა, რომ მისი საქმიანობის შედეგები საზოგადოებისათვის უცნობია.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაიჭრა/დაშავდა სულ 2 232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურეა. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავადა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი/დაშავებული 1045 სამხედრო მოსამსახურიდან დღეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს 526 პირი. აქედან 61 სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილია ავადმყოფობის მიზეზით.
აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს.
2008-2015 წლებში, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების დასახმარებლად 3 914 537 ლარი გაიცა. ხოლო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის – 988 567 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წელს გაცემული განკარგულების საფუძველზე, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე გადაეცათ ბინები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის 2010-2014 წლებში დამატებით სხვადასხვა საჩუქრების და ღონისძიებებისათვის 303 868 ლარი დახარჯა.
აგვისტოს ომში დაღუპული სამოქალაქო პირების ოჯახებისათვის ფინანსთა სამინისტრომ ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 ლარის გამოყო.