ახალი ამბები

საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბებაზე ერთად ვიმუშავებთ – თალაკვაძე

9 მარტი, 2020 • 885
საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბებაზე ერთად ვიმუშავებთ – თალაკვაძე

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ [მაჟორიტარული] ოლქების ჩამოყალიბებაზე”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა დღეს, 9 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

“მაგრამ ეს ერთიანი მუშაობა ვერ გავა იმ ერთიანი პრინციპებიდან, რომ ოლქები უნდა ჩამოყალიბდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, სადაც განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, დიდი გადახრა და განსხვავება მოქალაქეების რაოდენობას შორის, რომლებმაც ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიონ, არ იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნები კვლავაც შერეული (პროპორციულ/მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება თანაფარდობა სიით ანუ პროპორციული წესით არჩეულ და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის.

2016 წელს საქართველოში 77 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული (სიით) წესით და 73 მაჟორიტარი. ახლა ეს ბალანსი იცვლება: 2020 წელს სიით 120 დეპუტატს აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარული წესით – 30. განსხვავდება საარჩევნო ბარიერიც: თუ 2016 წელს მინიმალური ბარიერი  (ანუ ზღვარი რის შემდეგაც პარტიას/გაერთიანებას პარლამენტში შესვლის უფლება ენიჭება) 5% იყო, 2020 წელს 1 პროცენტი იქნება.

როგორ მოახერხებს პარლამენტი 73 საარჩევნო ოლქის 30-მდე შემცირებას? თალაკვაძე აცხადებს, რომ ახალი საარჩევნო ოლქები დაბალანსებული იქნება, თუმცა მიანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ გამონაკლისებსაც.

“ოლქები იქნება დაბალანსებული  და გადახრები საერთაშორისო რეკომენდაციების თანამხად მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ არის კონკრეტული გამონაკლისები. ეს ეხება მაგალითად მთიან რეგიონებს და ისეთ პოპულაციებს, სადაც ვენეციის და ევროსაბჭოს რეკომენდაიცები მიუთითებს, რომ ოლქები გადანაწილდეს შესაბამისად”, – აცხადებს თალაკვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი