“არა მხოლოდ ავტომობილების, სრული ქონების დაყადაღებაა მოთხოვნილი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირდება მხოლოდ ავტომობილები ამ შემთხვევაში. სხვა ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოხდა იქაც. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დააყადაღებს”, – აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი. 

 

თუმცა, მისივე თქმით, “ყადაღა არ გულისხმობს მათი გამოყენების აკრძალვას. არანაირ შეფერხებას ეს ღონისძიება [ქონების დაყადაღება] არ გამოიწვევს. ერთადერთი აკრძალვაა ის, რომ არ მოხდეს მათი გასხვისება. სხვა მხრივ, მათ მუშაობას ხელი არ ეშლება. ეს ყადაღა ტელევიზიის ფუნქციონირებას, ჟურნალისტთა საქმიანობას არ ეხება. რუსთავი 2-ის შეფერხების სურვილი არ აქვს არავის ჩვენი მხრიდან.  ჩვენი მიზანი არ არის რაიმენაირად შეფერხდეს მათი საქმიანობა. ჩვენი მიზანია, ამ დავის პირობებში მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედება და გასხვისება არ მოხდეს”. 

 

ადვოკატ პაატა სალიას განმარტებითვე, გაჩენილ კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს პროცესი მაინცდამაინც ახლა,- “პასუხი ასეთია, ნებისმიერ დროს დაისმეოდა ეს კითხვა, რატომ მოხდა ახლა. დიდი ხანია უკვე, 2008 წლიდან ითხოვს ქიბარ ხალვაში ამ ქონების დაბრუნებას, და ჯერ კიდევ მაშინ მიმართა პროკურატურას, როდესაც ტელევიზია ჩამოერთვა. პროკურატურა არაფერს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღევნდელი პროკურატურაც, დღევანდელი ხელისუფლებაც ამ კუთხით არ დგამს ქმედით ნაბიჯებს. სწორედ ამან გამოიწვია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, რომ დაეწყო სასამართლო დავა უკვე სამოქალაქო წესით ამ წილების დასაბრუნებლად. ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს არის ცალსახად მიმართული რუსთავი 2-ის დაბრუნებაზე, კომპანიის დღევანდელი მეპატრონისგან, რომელსაც კეთილსინდისიერ შემძენად [როგორც მისი წინამორბედი შემძენები] არ მივიჩნევთ. ქიბარ ხალვაში არის ბიზნესმენი, განიხილავს რუსთავი 2-ს ბიზნესის კუთხით. ეს არის აქტივი, ის ბიზნესი, რომელიც მას უკანონოდ ჩამოერთვა და ახლა ცდილობს მის დაბრუნებას”, – განუცხადა სალიამ ნეტგაზეთს. 

 

“ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი, სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის თავად მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ქონების დაყადაღების ფაქტზე “რუსთავი 2”-ის ეთერში.  

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *