“ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი, სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის თავად მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
მისივე თქმით, თუკი მოსამართლე უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს რუსთავი 2-ის საქმეზე, მისთვისვე არ იქნება კარგი.
“სასამართლოს გასაგონად მინდა ვთქვა, რუსთავი 2-ის ქეისი რანგით სრულიად განსხვავებული საქმეა. ეს არის ეგზისტენციონალურად მნიშვნელოვანი საქმე ქართული დემოკრატიის არსებობისთვის. ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე ხელს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს მოაწერს”.
რუსთავი 2 ის ინფორმაციით, ტელევიზიის ქონების ნაწილი დაყადაღებულია, კერძოდ, როგორც რუსთავი 2 აცხადებს, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.