ახალი ამბები

შსს-მ პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

8 მარტი, 2020 • 1578
შსს-მ პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული – ს.თ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებულმა ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ ს.თ.-ს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ს.თ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი