ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები 2018 წელს, მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები მხოლოდ ერთ ობიექტზე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და გივი ჯიბლაძეს – 8 წლით, თორნიკე ჯანელიძეს კი 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გასული წლის 11 სექტემბერს, თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.
მემორანდუმის თანახმად, შენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).
m² „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.