განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაძლიერების მიზნით, ახალი სასწავლებლები და ფილიალები იხსნება.
გარდა ამისა, როგორც მინისტრი ამბობს, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ამ სფეროში სამინისტრომ შეიმუშავა, აუცილებელი გახდა შესაბამისი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, რაც არსებული კოლეჯების რეაბილიტაციას და მათ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვას გულისხმობს.
სანიკიძის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 9 პროფესიულ სასწავლებელში (5 607 772 ლარი); ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას (1 977 189 ლარი ); აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და 1 სასწავლო კორპუსი (3 472 950 ლარი );
“2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში, (მათ შორის ორ ახლადდაფუძნებულ სასწავლებელში) ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა”, – აცხადებს მინისტრი.
პროფესიული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის მიზნით, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 26 დაწესებულებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად, სანიკიძის თქმით, 2 637 321 ლარი დაიხარჯება.
მინისტრი ამბობს, რომ პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, რასაც მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.
როგორც ის აცხადებს, პროფესიულ სასწავლებლებში ბოლო მიღებით 12 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა.
სტუდენტებისთვის სახელმწიფო კოლეჯებში ჩარიცხვა სექტემბერში გამოცხადდება. ამისთვის აპლიკანტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ტესტების ჩაბარება იმ უნარებში მოუწევს, რა სპეციალობაშიც გეგმავს პროფესიული სწავლების გაგრძელებას.
პროფესიულ განათლებას საქართველოში სახელმწიფო სრულად აფინანსებს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, კოლეჯებში ასაკის შეუზღუდავად ყველა მსურველს შეუძლია ისწავლოს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად ნებისმიერ პროფესიას და დასაქმდეს.
“იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან შეიცვალა მიდგომები, საკანონმდებლო ბაზა, გადაიხედა და დაიხვეწა პროგრამები”, – აცხადებს მინისტრი.