ახალი ამბები

აჭარა ტვ-ში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

6 მარტი, 2020 • 1511
აჭარა ტვ-ში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშერკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“.

ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება.

ამ ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახლადდანიშნული რედქტორის ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვიულის პოზიციები მოისმინა, რომლის მიხედვითაც თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე „ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა“.

დღეს თეონა ბაკურიძემ განაცხადა – „მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა“. ჟურნალისტი ეჭვობს, რომ გიორგი აბაზაძე ზეწოლის ქვეშაა და მას რეალურად თანამდებობის დატოვება სურდა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა მცდელობა, დაეწერა განცხადება. ნიუსრუმის რამდენიმე თანამშრომელს უთხრა – დავწერე და დავხიეო. ჩვენ მას დღეს დახმარებაც შევთავაზეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებდა ასეთ ფაქტებს. არ ვიცი, როგორ შეაფასებს იგი არსებულ პროცესს და როგორი იქნება მისი პასუხები მას შემდეგ, რაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რომ იგი ზეწოლის ქვეშაა“, – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

ტელეწამყვანი გიორგი აბაზაძე 4 მარტს დანიშნეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

__________________

ვრცლად ამ თემაზე: 

მასალების გადაბეჭდვის წესი