ახალი ამბები

40%-იანი “ჩამკეტის” ორი ხედვა – ხელისუფლება VS ოპოზიცია

6 მარტი, 2020 • 2784
40%-იანი “ჩამკეტის” ორი ხედვა – ხელისუფლება VS ოპოზიცია

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსია არაფორმალურ ფორმატში გადავიდა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს და ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი კომენტარი გაკეთდა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაზე, შეთანხმება ამ დრომდე მიუღწეველია. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ორ ხედვას – ხელისუფლების და ოპოზიციის – იმის თაობაზე, თუ რა სისტემით უნდა იქნას არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტი.


დღეს არსებული საარჩევნო მოდელით საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 77 – პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, “ქართული ოცნება” მოსახლეობას 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაჰპირდა, თუმცა ეს ინიციატივა მმართველმა გუნდმა ჩააგდო. “ოცნების” მიერ პირობის შეუსრულებლობას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოპოზიცია კი, პერიოდულად საპროტესტო აქციებს და პარლამენტის შენობის პიკეტირებას მართავს და შეთანხმებისა და პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზების წინაპირობად პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ საარჩევნო სისტემას და მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას ასახელებს.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ სრულად პროპორციული სისტემის რეფორმას წელს არ მიუბრუნდება, თუმცა გარკვეულ კონსენსუსზე თანახმაა. ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდა და მაჟორიტარების რაოდენობის 50-მდე შემცირება შესთავაზა, თანაც იმ პირობით,  რომ ეს სისტემა შენარჩუნდება 2024 წელსაც. მიუხედავად თავდაპირველი განცხადებებისა, რომ ეს იყო მაქსიმალური კონსენსუსი, დღეს “ოცნებამ” არ გამორცხავს 110/40-ზე სისტემის შემოღებას ერთჯერადად, მხოლოდ 2020 წელს.

ხელისუფლების წინადადება

პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების თანაფარდობა 100/50-ზე ან 110/40-ზე, ბარიერი ოპოზიციის არჩევით და პრინციპი, რომ 40%-ზე ნაკლები მხადაჭერის მქონე პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო უმრავლესობა არ შექმნას, – ეს არის კომპრომისი, რის მზაობასაც მმართველი გუნდი გამოთქვამს.

გიორგი კახიანი, პარლამენტის ვიცე სპიკერი:

“ვინაიდან ოპოზიცია 30%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიის მიერ მთავრობის დაკომპლექტების თეორიულ რისკებზე საუბრობს, მზად ვართ კანონმდებლობაში გავწეროთ ისეთი ნორმა და რეგულაცია, რომელიც 40% ან ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში პარტიას არ მისცემს შესაძლებლობას, ერთპიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა. ბარიერზე ვაძლევთ თავისუფალი არჩევანის საშუალებას – მზად ვართ იყოს 1%, 2%, 3% ან 5%, როგორც თვითონ მიიჩნევენ საჭიროდ. რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობას – 50 ან შესაძლებელია, 40 მაჟორიტარულ ოლქზეც ვისაუბროთ. ქვეყნის ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფა გონივრულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, რომ არ მოხდეს მაჟორიტარული ოლქების იმგვარად გამსხვილება, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტის ფუნქციონირება არაეფექტური გახდეს”.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ, კერძოდ, “ევროპულმა საქართველომ” ჯერ კიდევ გიგი უგულავას პატიმრობამდე გაახმოვანა პრინციპი, რომლის თანახმადაც მთავრობის დასაკომპლექტებლად პარტიას უნდა ჰქონდეს არსებითი უპირატესობა, რაც ნიშნავს ხმების 40%-ზე მეტს პროპორციულ არჩევნებში და მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობის მოგებას. ოპოზიციას ზემოაღნიშნული პრინციპით დაცვა პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის 20-მდე შემცირებით და სიით გასული დეპუტატების რაოდენობის 130-მდე გაზრდით წარმოუდგენია.

“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 40%+ მხარდაჭერის პრინციპზე თანახმაა, თუმცა სხვა ფორმულით, ისე, რომ მაჟორიტერების რაოდენობა 40-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. 110/40 თანაფარდობის პირობებში, მაგალითად 39%-იანი  მხარდაჭერა დაახლოებით 43-მდე პროპორციულ მანდატს გულისხმობს და თუ ამასთან, პარტიამ სულ მცირე 33 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, უმრავლესობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატს აგროვებს. მაშინ რა შეუშლის ხელს, რომ უმრავლესობა შექმნას და შესაბამისად მთავრობა დააკომპლექტოს? – საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ კანონმდებლობაში გაწერილი ე.წ. ჩამკეტი ნორმა.

“ნორმის ზუსტ ფორმულას ახლა ვერ გეტყვით. პროექტი გასაჯაროების შემდეგ გახდება გასაგები იურისტებისთვის, კონსტიტუციონალისტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, მაგრამ იდეა იქნება შემდეგი – პროპორციულ ნაწილში 40% (და ნაკლები) მხარდაჭერის მქონე პარტიას არ ექნება შესაძლებლობა 75 მანდატზე მეტი აიღოს. ამას უზრუნველყოფთ ე.წ. ჩამკეტი ნორმით. ანუ ის მანდატები, რასაც პარტია მიიღებს მაჟორიტარული ნაწილიდან, პროპორციული სიიდან შეივსება მხოლოდ იმ ოდენობამდე, რაც დამზღვევი ნორმით იქნება განსაზღვრული. მარტივად რომ ვთქვათ, მაჟორიტარებს პროპორციული სიიდან იმდენს დაამატებს, რომ 75-ს არ აღემატებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული მხარდაჭერის პროპორცია შეიძლება მეტ მანდატებს გულისხმობდეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კახიანმა.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ამ ინიციატივას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა და რა გარანტიაა, რომ კენჭისყრისას ისინი შეთანხმებულ მოდელს მისცემენ ხმას, კახიანი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” გამართულ კონსულტაციებზე ითქვა, რომ “იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების საგანი იქნება, ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება”.

ამასთან, მმართველი გუნდი აპირებს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე მომავალ  კვირას დაარეგისტრიროს მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას გაერთიანებული ოპოზიციის და “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერა.

“ჩემი შეხედულებით, ოპოზიციაშიც განსხვავებული დამოკიდებულებაა იმ შემოთავაზებების მიმართ. არიან ისეთები, რომლებიც ამ ინიციატივის მოწონებას ადასტურებენ, მარტო “ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს არ ვგულისხმობ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ოპოზიციის ხედვა

პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების თანაფარდობა 130/20-ზე ან 125/25-ზე, ბარიერი – ნებისმიერი, რაც ნიშნავს იმას, რომ 40%-ზე ნაკლები მხადაჭერის მქონე პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო უმრავლესობა არ შექმნას, – ეს არის მინიმუმი, რასაც ოპოზიცია ითხოვს.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მინიმუმ 125 დეპუტატი უნდა აირჩეს პროპორციული სიით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრინციპი, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უმრავლესობა ვერ შექმნას, 130/20-ზე თანაფარდობა კი ამ პრინციპს კიდევ უფრო მყარს გახდიდა.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ე.წ. ჩამკეტი, რომელსაც მათ ხელისუფლება სთავაზობთ სინამდვილეში ჩამკეტი არ არის. მისი თქმით, ამ ჩამკეტს ონკანის მაგალითზე თუ ავიღებთ, “საკმაოდ ბევრი წყალი გაეპარება”. “გაპარული წყალი” ამ შემთხვევაში მაჟორიტარული სისტემის წყალობით მიღებული დამატებითი უპირატესობაა:

“როგორც ცნობილია, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. პარტიის მიერ საბოლოო ჯამში მიღებული მანდატების რაოდენობა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კენჭისყრის ჯამით იანგარიშება: მაჟორიტარების მიერ მოპოვებული და პროპორციული სიით მიღებული მანდატები იკრიბება და საბოლოო სურათი დგება. სწორედ ამ პრინციპს აპროტესტებს და აპროტესტებდა ოპოზიცია როგორც ახლა, ასევე ენმ-ს მმართველობის დროს. ამ სისტემის სკეპტიკოსების არგუმენტია, რომ მაგალითად 50%-იანი მხარდაჭერის პირობებში პარტიას შეუძლია არა მანდატების ნახევარი მიიღოს, როგორც ეს მხარდაჭერის პროპორციულად ეკუთვნის, არამედ ბევრად მეტი, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობაც, რადგან ეს რეიტინგი ორივე წესით, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული კენჭისყრისას არის ეფექტური და ერთი რეიტინგით ხმების და შესაბამისად მანდატების დუბლირების საშუალებას იძლევა.

მაგალითად, “ქართული ოცნების” შემოთავაზებული პრინციპის (110/40-ზე) შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა მიიღებს ხმების 39 პროცენტს და ამავდროულად მეორე ბიულეტინზე ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 40 მაჟორიტარს და შედეგების მიხედვით წესით სიაში მყოფ დაახლოებით 43 დეპუტატს, რაც 76-ზე მეტია (83-ია) და მას წესით მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება უნდა შეეძლოს. მაგრამ ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის გამო ასეთ სცენარში “ოცნება” 75 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს, ის პარლამენტში შეიყვანს 40-ივე მაჟორიტარს და სიიდან მხოლოდ 35-ს (თუ დამზღვევ ნორმად 75 დარჩება, როგორც ეს კახიანმა გვითხრა) დაიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგებით 43 დეპუტატი ეკუთნის სიიდან. ამგვარად მუშაობს ეს სისტემა, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით გავს ე.წ. გერმანული მოდელის ადაპიტრებული ვარიანტის ერთ კომპონენტს. თუმცა დათო ბერძენიშვილის თქმით, “მერსედესიდან” “ჟიგულში” ერთი ნაწილის გადატანით შესაბამის ხარისხს ვერ მივიღებთ”.

ოპოზიცია მიანიშნებს სხვა შესაძლებლობა/საფრთხეზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ “ოცნება” “დამოუკიდებელი” კანდიდატების (ან მისი საწყისიდან წამოსული ახალი პარტიის დაარსების) კარტს გაათამაშებს 39%-იანი მხარდაჭერის პირობებში? მაგალითად 10 ოლქში “ქართული ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს ან განზრახ სუსტ კანდიდატს დაასახელებს და სხვას, 42 ან 48 ნომრებს დაუჭერს მხარს, რომლებიც მმართველი პარტიის რესურსებით ისარგებლებენ. “ოცნება” მიიღებს 30 მანდატს უშუალოდ მისი, 41-ნომრიანი მაჟორიტარებით, ამასთან 39%-იანი მხარდაჭერის პირობებში სიით გაიყვანს 43 დეპუტატს და ჯამში პარლამენტში 73-დეპუტატიანი წარმომადგენლობა ეყოლება, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ამისათვის 3 მანდატი აკლია. მაგრამ  თუ ის ათი მაჟორიტარი (“დამოუკიდებლების პარტიიდან”) მმართველი გუნდისვე რესურსებით მაჟორიტარულ ოლქებს მოიგებს, “ოცნება” მათთან “კოალიციას” შექმნის და მთავრობას დააკომპლექტებს ისე, რომ სინამდვილეში 39%-იანი მხარდაჭერა ექნება.

“გერმანული მოდელის კომპონენტი რომ გაითვალისწინონ ჩამკეტად, მაშინ, ერთი მხრივ, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, რომ 40% კი არა, 43-44% არის საჭირო 76-ის მანდატის მისაღწევად, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად, ხუნდაძე-ოქრიაშვილებმა რომ შექმნან პარტია და “ქართული ოცნება” თავისი სატელიტითაც კი არა, ფაქტობრივად ორი პარტიით გამოვა არჩევნებში – “ქართული ოცნებით” და რეგიონების პარტიით და ჯამურად არჩევნებში შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიიღონ ძალიან ბევრი მანდატი. ასე რომ, ეს ჩამკეტი ვეღარ იმუშავებს, იმიტომ რომ ის ჩაკეტავს ერთ პარტიას, მაგრამ არ ჩაკეტავს მეორე პარტიას”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილს მაგალითად მოჰყავს 2014 წლის – თვითმმართველობის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა “ოცნებამ” მისი თქმით, სატელიტებს დაუჭირა მხარი.

“2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში იყო ძალიან ბევრი ე.წ. 42 ნომერი. “ქართული ოცნების” კოალიციის კანდიდატი გადიოდა 41 ნომრით და სუს-ის კანდიდატი, ღარიბაშვილის უშუალო მხარდაჭერით გამოდიოდა 42-ე ნომრით. კოალიციის პარტნიორი პარტიების და პირველ რიგში, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” საწინააღმდეგოდ ძალიან ბევრ ადგილას სწორედ №42 მუშაობდა. ეს მკაფიოდ გამოჩნდა განსაკუთრებით ჩხოროწყუში, სადაც იზორიას კლანის კანდიდატები 42 ნომრით გამოდიოდნენ. 2016 წელს ხაშურში “ქართული ოცნების” ოფიციალური კანდიდატი 41 ნომრით იყო ვალერი გელაშვილი, მაგრამ იყო “მრეწველების” – სუკ-ის ოფიცერი სიმონ ნოზაძე. ხელისუფლება ეხმარებოდა ნოზაძეს და არა ფორმალურად საკუთარ კანდიდატს. ნოზაძემ მოიგო არჩევნები, პარლამენტში შევიდა 1 მრეწველი, რომელსაც “ოცნების” 5 მაჟორიტარი “ასესხეს” და ფრაქცია შეუქმნეს”, – ამბობს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ ზემოთ აღწერილი საფრთხე ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში არსებობს, თუმცა მიიჩნევს, რომ “სატელიტები არ უნდა ეყოს უმრავლესობის მისაღებად”.

დავით ბერძენიშვილი არ მიიჩნევს, რომ უმრავლესობამ გამოიყენა თავად ოპოზიციის მოთხოვნა 40%-იანი პრინციპთან დაკავშირებით და სათავისოდ შემოატრიალა დისკუსია.

“ჩვენ რომ ვუთხარით, 40% მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას სიით აღებული, ამის მათემატიკური თანაფარდობა არის 130/20-ზე და უკიდურეს შემთხვევაში 125/25-ზე. ეს არის პირობა და არა შემოვლითი გზით, პარტიით თუ დამოუკიდებლებით სატელიტების შეყვანა. ასე რომ, “ოცნების” წინადადება, თავისი გაუკუღმართებული კალკულაციით, ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.


თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც თავდაპირველად მხარს უჭერდა 2020 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, შემდეგ კი თქვა, რომ ასეთი სისტემით არჩევნები 2024 წელსაც არ უნდა ჩატარდეს, დღეს მეორე ნახევარში განაცხადა,  რომ პროპორციულ არჩევნებში პრობლემას ვერ ხედავს.

კახა კალაძის თქმით, ის მომხრეა 120/30-ზე თანაფარდობის და მომხრე იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისაც, ვინაიდან მნიშვნელობა არ აქვს, რა სისტემთ ჩატარდება არჩევნები.

“საარჩევნო სისტემაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისკენ, რომ მოხდეს შეთანხმება, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს შეხვედრა ოპოზიციასთან და დარწმუნებული ვარ, გარკვეული კონსენსუსი შედგება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, თუმცა გუნდში იყო დეპუტატების გარკვეული ჯგუფი,  რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ჯერჯერობით უცნობია რა გავლენას იქონიებს კალაძის ეს განცხადება საარჩევნო კალკულაციებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი