საქართველოს მთავრობის დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“ 2015 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების აღსრულების პროცესს სავაჭრო ქსელებში გაეცნო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესი სრულად იყოს დაცული და მომხმარებელმა იცოდეს, რა შემადგენლობის პროდუქტს ყიდულობს.
„ახალი რეგულაციები ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. “რძისა და რძის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ რძის ყველა პროდუქტზე ვრცელდება და გამონაკლისები არ არსებობს”, – აცხდებს მინისტრი.
ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრი“ ან „კარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ: „რძისებრი“ ან „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“ 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე…) გამოყენება აიკრძალება.