ახალი ამბები

“პროგრესი უდავოა” – პრეზიდენტი სასამართლო რეფორმაზე

4 მარტი, 2020 • 747
“პროგრესი უდავოა” – პრეზიდენტი სასამართლო რეფორმაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი უდავოა.

პრეზიდენტის შეფასებით, რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და “ზოგი სამართლიანი და ზოგიც – პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა”:

“აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთ – თუ არა ერთადერთ – ობიექტურ კრიტერიუმს. ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დახვეწილ სასამართლო სისტემას.

ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ” – აღნიშნავს პრეზიდენტი.

CRRC-ს ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს, 2019 წელს ბოლო ათწლეულში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ყველაზე დაბალია.

ბოლო 10 წელში სასამართლოს ნდობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს – CRRC

მასალების გადაბეჭდვის წესი