საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა დღეს 2 მარტს პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
მანამდე ეს ინიციატივა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობას წარუდგინა.
- ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას (ან მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს) მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;
- ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს;
- მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით);
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;
- ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.
პროექტი ხორციელდება გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით, რომელმაც შეიძინა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.