ახალი ამბები

ქალზე მოძალადეებზე შესაძლოა ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს

13 სექტემბერი, 2019 • 1175
ქალზე მოძალადეებზე შესაძლოა ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

შსს-ს ინფორმაციით, წარდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას.

კანონპროექტის თანახმად:

  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას (ან მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს) მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;
  • ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს;
  • მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით);
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;
  • ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.

პროექტი ხორციელდება გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით, რომელმაც შეიძინა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი