ინტერპოლმა კეზერაშვილის ძებნა ზურაბ ადეიშვილთან ერთად დაიწყო 2013 წლის ბოლოს. ცოტა ხნის წინ ინტერპოლმა ძებნა ადეიშვილზეც შეწყვიტა, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ასევე ბრალდებულია, ძებნა არც დაუწყია.
დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.