ახალი ამბები

არგენტინის პრეზიდენტი აბორტის ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის

2 მარტი, 2020 • 1435
არგენტინის პრეზიდენტი აბორტის ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი აცხადებს, რომ უახლოეს 10 დღეში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში – კონგრესში გაგზავნის კანონპროექტს, რომლის თანამხადაც აბორტის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ფერნანდესმა აქამდე აბორტს საჯარო ჯანდაცვის საკითხი უწოდა. „სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები და ქალები. 21-ე საუკუნეში, ყველა საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს მისი წევრების ინდივიდუალურ არჩევანს, თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ თავიანთ სხეულთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფერნანდესმა. მანვე განაცხადა, რომ სექსუალური განათლების დონის გაუმჯობესებას აპირებს.

არგენტინაში, ისევე როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ დედის სიცოცხლისთვის საფრთხის ან გაუპატიურების შემთხვევაში. რეგიონის ზოგ ქვეყანაში აბორტი ყველა შემთხვევაშია აკრძალული, ხოლო რამდენიმეში – ნებადართულია ფეხმძიმობის პირველ კვირებში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს კონგრესი მიიღებს, არგენტინა რეგიონში ყველაზე დიდი მოსახლეობის ქვეყანა გახდება, სადაც აბორტია დაშვებული.

ქვეყანაში აბორტის ლეგალიზაციის მცდლობებს უკვე ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ ეს მცდელობები კონგრესის ზედა პალატაში, სენატში ჩავარდა.

არგენტინაში დებატები აბორტის ირგვლივ დაიწყო მას შემდეგ, რაც 11 წლის ბავშვმა 65 წლის სექსუალური მოძალადისგან შვილი გააჩინა. გოგოს, მიუხედავად მისი და მისი ოჯახის თხოვნისა, სასამართლომ აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა.

ზემოთხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

არგენტინაში აბორტის აკრძალვის გამო 11 წლის გოგომ სექსუალური მოძალადისგან შვილი გააჩნია

მასალების გადაბეჭდვის წესი