არგენტინაში, სადაც აბორტი კანონით იკრძალება, 11 წლის ბავშვმა 65 წლის სექსუალური მოძალადისგან შვილი გააჩინა. გოგოს, მიუხედავად მისი და მისი ოჯახის თხოვნისა, სასამართლომ აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა.
როგორც The Guardian წერს, რომ ორსულობის 23 კვირის შემდეგ გოგოს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა მისი შვილის გადარჩენის შანსი დაბალია.
გოგო საავადმყოფოში იანვრის ბოლოს გადაიყვანეს. მას სხეულზე თვითდაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმები ამბობენ, რომ გოგომ თვითმკვლელობა არაერთხელ სცადა.
“მინდა, რომ ამომიღოთ სხეულიდან ის, რაც იმ მოხუცმა კაცმა ჩამიდო,” – ამ ფრაზით მიმართა სექსუალური ძალადობის 11 წლის მსხვერპლმა ფსიქოლოგებს. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის კანონმდებლობა გაუპატიურების შემთხვევაში აბორტის შესაძლებლობას უშვებს, ამ კონკრეტული საქმისთვის სასამართლომ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემა წერს, რომ 11 წლის გოგო ბებიის 65 წლის პარტნიორმა გააუპატიურა. გოგო ბებიის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა, ვინაიდან მანამდე ის და მისი ორი უფროსი და დედის პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
არგენტინაში აბორტი აკრძალულია, თუმცა კანონი გაუპატიურების ან იმ შემთხვევებში, როდესაც დედის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა – ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას ითვალისწინებს. მთავარი არგუმენტი, რის გამოც 11 წლის გოგოს სასამართლომ აბორტის გაკეთების საშუალება არ მისცა, იყო ის, რომ მისმა ორსულობამ 23 კვირა გასტანა.