ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩინოვნიკების დინასტია სამხრეთ ოსეთში

3 აგვისტო, 2015 •
ჩინოვნიკების დინასტია სამხრეთ ოსეთში

ივლისის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა საგარეო უწყების ხელმძღვანელად კაზბულათ ცხოვრებოვი დანიშნა, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. თიბილოვი ცხოვრებოვის კანდიდატურას აპრილის თვიდან განიხილავდა.

 

ერთი თვით ადრე კი, ლეონიდ თიბილოვმა გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის ელჩის პოსტზე ახალი კადრის დანიშვნა. ეს თანამდებობა ვაკანტური იყო მარტის დასაწყისიდან. აღსანიშნავია, რომ კაზბულათ ცხოვრებოვი და რუსეთში სამხრეთ ოსეთის ახალი ელჩი ზნაურ გასიევი სამხრეთ ოსეთში ყოფილი ჩინოვნიკების ახლო ნათესავები არიან.

 

კაზბულათი –  ჯავის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელის, ინალ ცხოვრებოვის ვაჟია, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს დადო პირობა, რომ აყვავებულ მხარეს შექმნიდა ჯავის რაიონისგან. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ჯავის რაიონი დღესაც შორსაა “აყვავებული მხარის” განსაზღვრებიდან.

 

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ალბათ, მორიგ მოსაწყენ და უიდეო მინისტრად დარჩება, რომელსაც საკუთარი ინიციატივები არ ექნება.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი შეინარჩუნა ალან კოჩიევმა – პრეზიდენტის მრჩევლის, კოსტა კოჩიევის შვილმა. კოსტა კოჩიევს ეს პოსტი 1990-ანი წლებიდან უკავია და მხოლოდ ზოგჯერ მცირედით იცვლებოდა მის მიერ დაკავებული თანამდებობის დასახელება. კოსტა კოჩიევი სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტის, ლუდვიგ ჩიბიროვის მრჩეველი იყო და ჯერ კიდევ მაშინ უწოდეს “რუხი კარდინალი”, კულისებში ინტრიგების ხლართვის უნარების გამო, როცა თავად ჩრდილში რჩებოდა. მისი ვაჟი, 29 წლის ალან კოჩიევი სამხრეთ ოსეთში 2008 წელს ჩამოვიდა, მოსკოვში უმაღლესი სასწავლების დასრულების შემდეგ და ეგრევე ჩინოვნიკის სავარძელი დაიკავა.

 

მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში ალან კოჩიევის ჩაბარების დროს, რუსეთის განათლების სამინისტრო ძალიან იშვიათად უთმობდა ადგილს აბიტურიენტებს სამხრეთ ოსეთიდან, როგორც ეს ახლა ხდება. ამიტომაც ადრე მოსკოვის სასწავლებლებში მხოლოდ ჩინოვნიკების შვილები სწავლობდნენ. მაგალითად, საუკეთესო რუსულ უმაღლეს სასწავლებელში 2000 წლის დასაწყისში ჩააბარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ამჟამინდელი მთავარი პროკურორის მერაბ ჩიგოევის ორივე ქალიშვილმა. მაშინ ასეთი რამ ხელმისაწვდომი მხოლოდ სამხრეთ ოსეთელი ბიზნესმენებისთვის იყო, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ.

 

ახალი დანიშვნების შესახებ მედიაში არაერთი ახალი ამბავი დაიწერა, თუმცა საინფორმაციო პორტალმა “ეხო კავკაზა” უფრო ფართო მასალა წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა დინა ალბოროვამ განაცხადა: “…ეს ერთ-ერთი მაგალითია, როცა შეძლებული მშობლები, რომლებიც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ან ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლები აბანდებენ ფულს თავიანთი შვილების განათლებაში…”   

 

ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში დისკუსია გაჩაღდა თემაზე, თუ როდემდე გადაეცემათ სამხრეთ ოსეთში მემკვიდრეობით თანამდებობები და რატომ იღებენ მხოლოდ ჩინოვნიკების შვილები საუკეთესო “ლიმიტებს” რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

 

ნეპოტიზმი ფართოდ გავრცელებული იყო შუასაუკუნეებიდან, როცა რომაელებმა კარდინალის ქუდების დარიგება დაიწყეს თავიანთ ნათესავებზე. სახელისუფლებო სტრუქტურებში ნეპოტიზმი ასევე გამოიყენებოდა საბჭოთა პერიოდშიც.

 

სოციალურ ქსელებში გაჩაღებული დისკუსიის ზოგიერთი მონაწილე სვამდა საკითხს იმაზე, თუ რატომ უჭერენ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ნეპოტიზმს, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც დადებით მაგალითს, რადგან ფულიანი მშობლები ფულს დებენ თავიანთი შვილების განათლებაში და ამ ინვესტიციას აბანდებენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები უზრუნველყონ ჩინოვნიკის სავარძლებით.  

 

“როგორც ჩანს, საბჭოთა ადამიანის მენტალიტეტი, რომელიც ფიქრობს, რომ ჩინოვნიკის ოჯახი – მუდამ ჩინოვნიკია, კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენში”, – განაცხადა დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

ალბოროვას არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ ამ მდიდარი ბავშვების მშობლები თავიანთ შვილებს განათლებას სხვების ხარჯზე აძლევენ, სწავლაზე “ლიმიტების” კონტროლის გზით (ლიმიტებისთვის საჭირო სპეციალური სერტიფიკატები, რომელიც ჭირდება აბიტურიენტს, რომ მიიღოს მიზნობრივი ადგილი რუსეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში). ამას გარდა, ჩინოვნიკების შვილები, რომლებიც მიდიან სასწავლებლად რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, არ მუშაობენ, ისე როგორც სხვა სტუდენტები, არამედ ცხოვრობენ მამებისა და დედების ხარჯზე. ცხადია, შვილების საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა ჩინოვნიკებს თავიანთი ხელფასებიდან არ შეუძლიათ, რადგან ხელფასის ფული რუსეთის მსხვილ ქალაქებში მათი შვილების ცხოვრებას სამი დღითაც კი არ ეყოფათ.

მთავრობის სახლი სამხრეთ ოსეთში, ფოტო: osinform
მთავრობის სახლი სამხრეთ ოსეთში, ფოტო: osinform

 

“დიდი ხნის წინ მე ურთიერთობა მქონდა ამერიკელ მეგობრებთან. მათ მითხრეს, რომ არ არსებობს ამერიკული ოცნება, ეს ყველაფერი სიცრუეა. წარმომავლობაც და სოციალური სტატუსიც გარკვეულ როლს თამაშობს და თანაბარი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი ზღაპარია,” – წერს ალბოროვა “ფეისბუკის” კომენტარებში და თავისი სიტყვების დასტურად მოჰყავს “ამერიკული მაგალითები”. მისი თქმით, ადამიანები თანაბარი სოციალური შესაძლებლობებით არ იბადებიან, ამიტომ შემდგომში სხვადასხვა “გზას” ადგებიან და ეს ნორმალურია…

 

ცნობილი ოპოზიციონერი ფატიმა მარგიევა მას არ ეთანხმება და წერს: “მინისტრის თანამდებობაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი, სადაც გამოიტანენ კონკურსანტების მიერ შედგენილ კონცეფციებს. მაშინ ჩვენ არ ვიმკითხავებთ, არამედ განვსჯით კონკურსზე წარმოდგენილი მასალებით. ყველა თანამდებობაზე საჭიროა კონკურენტების მიერ წარმოდგენილი კონცეფციების და განვითარების პროგრამების და შემდგომი სამუშაოების შერჩევა და დაცვა”.

 

მარგიევის აზრით, არ შეიძლება ეგრევე მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და რომ ჩინოვნიკების ეტაპობრივი კარიერული ზრდა უკეთესად უწყობს ხელს კადრების ზუსტ შერჩევას.

 

ჟურნალისტი თემურ ცხურბათი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთი გამოყოფს საკმაო რაოდენობის ლიმიტებს სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებისთვის და პრაქტიკულად ყველას, “ვისაც აქვს თავი და სურვილი”, შეუძლია ისწავლოს რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში.

 

თუმცა ცხურბათი ეთანხმება იმას, რომ კორუფციული სქემა ლიმიტების განაწილების დროს მუშაობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება აბიტურიენტების შერჩევას პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისთვის, როგორიცაა მაგალითად – “მგიმო”.

 

“ცხადია, ეს არ არის დადებითი ტენდენცია”, – აგრძელებს ჟურნალისტი და არ ეთანხმება იმას, რომ კაზბულათმა თანამდებობა მიიღო იმიტომ, რომ მამამისი ყოფილი ჩინოვნიკია,  – “ეს სავარძელი შეიძლება მიეღო ალან კოჩიევს, რომლის მამაც მაღალი რანგის ჩინოვნიკია, მაგრამ მიიღო კარგმა პროფესიონალმა – კაზბულათ ცხოვრებოვმა. მოსკოვში ელჩის პოსტი კი მიღებულია აშკარად ვიღაცის პროტექციით. აქ დაინიშნა ადამიანი, რომელიც არც ცხოვრობდა სამხრეთ ოსეთში და აქვს არაპროფილური დიპლომი”.

 

ცხურბათის თქმით, ახალი ელჩი ზნაურ გასიევი – არა მხოლოდ ზნაურ გასიევის შვილიშვილია, არამედ ვადიმ ვანეევის ბიძაშვილის შვილი, რომელსაც უწოდეს “რუსეთის ინდაურის მეფე” იმის გამო, რომ ის ფლობს ინდაურის ხორცის წარმოების და გადამუშავების ბაზარს.

 

ცხურბათი მიიჩნევს, რომ ელჩის ადგილი გასიევისთვის უზრუნველყო მდიდარმა ნათესავმა ვანეევმა. ჟურნალისტი თემურ ცხურბათი ასევე მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკების შვილები სინამდვილეში არ არიან დამნაშავეები, რომ მათ რაღაც ლანგარზე მირთმეული ეძლევათ.

 

“ძალიან დამძაბველია, როცა არ შეგიძლია ბავშვებს ღირსეული სტარტი მისცე,” – წერდა ის იმავე დისკუსიაში ფეისბუკზე, რაზეც სხვა ჟურნალისტი ნახევრად ხუმრობით გამოეპასუხა და განაცხადა, რომ საუკეთესო ლიმიტებს “ბავშვები” იღებენ ზუსტად ზრდასრულ, 17-18 წლის ასაკში, როცა ისინი უკვე სრულწლოვანები არიან. იგი ასევე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში არ არის მდიდარი მეწარმეების კლასი: “მდიდრები აპრიორი არიან ისინი, ვინც ხრავს ბიუჯეტს და არის იმის ნათესავი, “ვინც საჭიროა”, ეს კი უკვე “სუნიანი ფულია”.

თუმცა ფეისბუკში გაჩაღებული დისკუსიის მონაწილეების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ხალხი სამხრეთ ოსეთში მდიდარია იმის გამო, როგორც ეს შეიძლება იყოს აშშ-ში ან ევროპაში, ანუ მათ გამოიმუშავეს ფული. სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო პირქუში და მარტივია – მდიდარი მხოლოდ ჩინოვნიკები არიან, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემენ თავის ან სხვის სავარძლებს, რადგან სავარძლების ცვლილებით საბოლოო ჯამში ოჯახური ცხოვრების ბიუჯეტში თანხა არ იცვლება.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი