გამოძიების ცნობით, დაკავებულები 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.
“კერძოდ, ისინი ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პირებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ.
მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, არმენ ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.
“სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). შსს-ს ცნობით, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად.