ახალი ამბები

“მაესტროს” წამყვანი ამბობს, რომ გადაცემა “მიუკერძოებელი მუშაობისთვის” დაუხურეს

28 თებერვალი, 2020 • 3011
“მაესტროს” წამყვანი ამბობს, რომ გადაცემა “მიუკერძოებელი მუშაობისთვის” დაუხურეს

ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” წამყვანმა ანა ცხოვრებოვამ დღეს, 28 თებერვალს პირდაპირ ეთერში თქვა, რომ გადაცემა ორშაბათიდან ეთერში აღარ გავა. ტელეწამყვანის თქმით, ამის ოფიციალურ მიზეზად ჰოლდინგის მენეჯმენტი არხის ფორმატის ცვლილებას ასახელებს. თუმცა ცხოვრებოვა აღნიშნავს, რომ მენეჯმენტს არაერთხელ ჰქონდა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდლეობა.

ანა ცხოვრებოვას თქმით, სწორედ ამას უკავშირებს გადაცემის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას:

“დღეს თქვენ ბოლოჯერ უყურებთ ბიზნესის გადაცემას “მაესტროს” ეთერში. ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში 2017 წლის 13 ივნისს შევხვდით, 3 წლის წინ და მას შემდეგ ყოველ საღამოს ჩვენ ვცდილობდით, რომ მიუკერძოებლად მოგვეტანა თქვენამდე ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ, გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები. ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ვფიქრობ, ესაა მიზეზი, რის გამოც ჩვენ ორშაბათს ერთმანეთს აღარ შევხვდებით.

ჰოლდინგის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად, რის გამოც გადაცემა იხურება, დაასახელა ის, რომ იცვლება “მაესტროს” ფორმატი თუმცა ეს არ ჟღერს ჩვენთვის დამაჯერებლად იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღოდა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი მცდელობა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის საფასური, რასაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისთვის” – ამბობს ტელეწამყვანი გადაცემის დასასრულს.

ნეტგაზეთი ანა ცხოვრებოვას დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა, თუ ვისგან და კონკრეტულად რა საკითხებთან დაკავშირებით გრძნობდა ზეწოლას. თუმცა ჟურნალისტმა გვითხრა, რომ იმაზე მეტს ვერაფერს იტყვის, რაზეც ეთერში ისაუბრა.

ნეტგაზეთი შეეცდება, “მაესტროს” მენეჯმენტთან გაარკვიოს მომხდარის დეტალები. ტელეკომპანია “მაესტრო” “იმედის” ჰოლდინგის ნაწილია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი