ახალი ამბები

ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას – სტოლტენბერგი იდლიბში თავდასხმის შემდეგ

28 თებერვალი, 2020 • 1657
ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას – სტოლტენბერგი იდლიბში თავდასხმის შემდეგ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ ალიანსი სოლიდარობიას უცხადებს თურქეთს სირიაში განვითარებული მოვლენების გამო და გმობს „სირიის რეჟიმის და რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში“.

საბჭოს შეკრება რამდენიმე საათის წინ თურქეთმა მოითხოვა სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე. თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო (იგივე ნატოს საბჭო) ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, რომლის სხდომებსაც გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, კონსულტაციები მოიწვიოს, თუკი, მისი აზრით, მათი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ თავდასხმიდან მალევე ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩევუსოღლუს, რომელმაც კონსულტაციები მოითხოვა, რის საფუძველზეც შეიკრიბა საბჭო.

„მოკავშირეებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს იდლიბზე გუშინდელი თავდასხმებისას თურქი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო და გამოხატეს სრული სოლიდარობა თურქეთის მიმართ. მოკავშირეები გმობენ საჰაერო თავდასხმებს სირიული რეჟიმისა და რუსეთის მიერ იდლიბის პროვინციაში“.

სტოლტენბერგმა მათ მოუწოდა, „შეწყვიტონ თავდასხმა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და მხარი დაუჭირონ კონფლიქიტს მშვიდობიანად მოგვარების გაეროსეულ მცდელობებს“.

„საჭიროა, ამ საშიში სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და მოვუწოდებთ [მხარეებს], დაუბრუნდნენ 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რათა რეგიონში თავიდან იქნას აცილებული ჰუმანიტარული მდგომარეობის კიდევ უფრო გამძაფრება და რათა იდლიბში ჩაკეტილ ადამიანებს დაუყოვნებლივ გაუჩნდეთ წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“.

სტოლტენბერგის თქმით, „ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, მათ შორის მათ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით. ეს თურქეთს ეხმარება სირიიდან სარაკეტო თავდასხმების მოგერიაბაში“.

ვრცლად:

სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი