ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიამ თურქეთთან დაპირისპირების ფონზე სომეხთა გენოციდი აღიარა

17 თებერვალი, 2020 • 2325
სირიამ თურქეთთან დაპირისპირების ფონზე სომეხთა გენოციდი აღიარა

სირიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა I მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებას.

პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო, — იმის ფონზე, რომ სირიასა და თურქეთს შორის ჩრდილოეთ სირიაში დაძაბულობა მატულობს.

სირიული პარლამენტის, სახალხო კრების დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, პარლამენტი მთლიანად დაკომპლექტებულია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის მხარდამჭერებისგან.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ნაბიჯს ფარისევლური უწოდა და განაცხადა, რომ ასადის „რეჟიმის მიერ გამოწვეული ჰუმანიტარული ტრაგედია კიდევ გრძელდება“.

ოტომანთა იმპერიის ორგანიზებული მასობრივი გადასახლებისას აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოსა და სხვა ტერიტორიებზე ასობით ათასობით სომეხი დაიღუპა. მათი ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი შიმშილისა და ავადმყოფობებისგან დაიღუპა.

უამრავი ისტორიკოსი, სახელმწიფო და სომეხი ხალხი ამ პროცესს გენოციდს უწოდებს. თურქეთი არ უარყოფს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა ეწინააღმდეგება ტერმინ გენოციდის გამოყენებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ყოფილა „სომეხი ხალხის განადგურების სისტემური მცდელობა“.

სირიის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში სირიამ სამხედრო შეტევა დაიწყო. როგორც „თავისუფლება“ წერს, იდლიბი არის სირიის ოპოზიციის „უკანასკნელი ბასტიონი“.

ანკარის განცხადებით, იდლიბში ბრძოლას 14 სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა“, რათა სირიულ ძალებს უკან დაახევინოს.


სომხეთის თანახმად, I მსოფლიო ომის აღნიშნულ პერიოდს 1.5 მილიონი სომეხი ემსხვერპლა, თურქეთიკი  300 000 ადამიანის დაღუპვაზე საუბრობს.

გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) თანახმად, დაღუპულთა რიცხვი მილიონზე მეტია. სომხები გენოციდს საკუთარი ტერმინითაც მოიხსენიებენ: „მეც იეღერნ“, რაც „დიდ დანაშაულს“ ნიშნავს.

სულ მცირე, 23 ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს. მათ რიცხვში არ არის საქართველო.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც აშშ-სა დათურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, გენოციდის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის კონგრესის ორივემ პალატამ.


უკანასკნელ პერიოდში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყო. ორივე ქვეყნის სამხედროები სირიაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ – რუსეთი მხარს ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების მხარესაა.


სირიამ 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი