ახალი ამბები

მეგი ბიბილური: გვინდა მედიაცია დაინერგოს საქართველოს განათლების სისტემაში

29 ივლისი, 2015 • • 2612
მეგი ბიბილური: გვინდა მედიაცია დაინერგოს საქართველოს განათლების სისტემაში

საპილოტე პროექტის მიზანი იყო სასკოლო/თანატოლთა მედიაციაზე დაყრდნობილი კონფლიქტის მოგვარების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს სკოლებში.

 

პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვრიდან დაიწყო და შიდა ქართლის, რუსთავის და თბილისის რვა სკოლას მოიცავდა. მათ შორის იყო საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების, ასევე მრავალეთნიკური მოსწავლეებით დაკომპლექტებული სკოლები, სადაც ,,სამართლებრივი ინტერვენციის ასოციაციის“ მიერ გადამზადებულმა საქართველოს მედიაციის ცენტრის ტრენერმა-მედიატორებმა მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლებისთვის ჩაატარეს ტრენინგები და მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია მედიაციის არსის, მისი უპირატესობების და პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.

 

იოანა ფიგურა,,სამართლებრივი ინტერვენციის ასოციაციის“ თავმჯდომარე მედიაციის საკითხებში: გასულ წელს ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსისგან“ შემოთავაზება მივიღეთ სასკოლო მედიაციის პროექტში პარტნიორობის თაობაზე, და სიხარულით დავთანხმდით, რადგან ამ ორგანიზაციასთან ჩვენს ორგანიზაციას საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს. საქართველო კონფლიქტური ქვეყანაა, რომლის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩემი აზრით სასარგებლო იქნებოდა სასკოლო მედიაციის თემაზე პროექტი სწორედ საქართველოში განგვეხორციელებინა. პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა არის პერსპქტიული მეთოდი და ამიტომ გვინდოდა ეს მეთოდი უმცროსი თაობისთვის, სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის გვესწავლებინა, რადგან ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. მე ვაკვირდებოდი ბავშვებს, რომლებმაც გაიარეს ეს ტრენინგები და დავინახე, რომ ისინი აქტიურად, ენერგიულად და ინტერესით იყვნენ ჩართულნი პროექტში და იმედი მაქვს , რომ სწორედ ისინი გადაწყვეტენ იმ პრობლემებს ხვალ, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო და ამაში მედიიაციის შესახებ მიღებული ცოდნაც დაეხმარება.

 

იოანა ფიგურა და მეგი ბიბილური სერთიფიკატების გადაცემისას
იოანა ფიგურა და მეგი ბიბილური სერთიფიკატების გადაცემისას

ვარიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეგრელიშვილი იმ დადებით მხარეებზე და მოლოდინებზე საუბრობს, რაც პროექტის გაცნობის შემდეგ გაჩნდა სკოლაში: კონფლიქტები ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ჩვენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის ფონზე, ოჯახებში ხშირია ფიზიკური ძალადობა. ასეთ ოჯახის ბავშვებისთვის ეს არის მაგალითი, რომლებიც იმ კუთხით ყალიბდებიან, რომ ძალადობა და აგრესია არის თვითდამკვირდების ერთადერთი საშუალება. ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის მისიაა ბავშვების ეს მიდგომა უფრო კონსტრუქციული და თანამშრომლობითი კულტურის მეთოდით შევცვალო. ამიტომ მივესალმე სასკოლო მედიაციის პროექტის განხორციელებას ჩვენს სკოლაში. პროექტი ითვალსწინებდა ბავშვების ინფორმირებულობას მედიაციის, როგორც კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალების არსის გაცნობას, სამედიაციო პროცესის, მედიატორის უნარ-ჩვევების, მისი დადებითი მხარეების და სარგებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. შეირჩა სოციალური და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების მქონე 16 უფროსკლასელი მოსწავლე, რომლებიც დატრენინგდნენ თანატოლთა მედიაციაში… რაც შეეხება შედეგებს, რასაც ველოდებით ამ პროექტით; სკოლაში მედიაციის დანერგვით შეიქმნება უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, დამკვიდრდება ურთიერთობის პოზიტიური კულტურა და გაიზრდება ნდობა, როგორც ბავშვებს შორის, ასევე სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის. ბავშვები ისწავლიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, კომპრომისით და დათმობის გზით შეთანხმების მიღწევას და საკუთარი ინტერესების დაცვას სხვების ინტერესების გათვალისწინებით.


სკოლებში წინასწარ შერჩეულ მოსწავლეებს, ჩაუტარდათ სატრენინგო კურსი კონფლიქტის ფსიქოლოგიის, ინტერპერსონალური კომუნიკაციის, აღდგენითი მართლმსაჯულების, მედიაციის და მოლაპარაკების საკითხებზე და მომზადდნენ სასკოლო მედიატორებად. სატრენინგო კურსი ამავდროულად მოიცავდა სიმულაციურ სავარჯიშოებს და მედიაციის თემაზე შექმნილი ფილმების ჩვენებას და გარჩევას. სასკოლო მედიატორებს ,,სამართლებრივი ინტერვენციის ასოციაციის“ მიერ შედგენილი ახალგაზრდა მედიატორის სახელმძღვანელოებიც გადაეცათ საჩუქრად.

ტრენინგები
ტრენინგები

 

ტრენინგების დასრულების შემდეგ კი მომავალმა სასკოლო მედიატორებმა მოამზადეს მოკლე ვიდეორგოლები თანატოლთა მედიაციის თემაზე, რომელთაგან ოთხ საუკეთესოდ – ვარიანის, წითელუბნის, გორის N2 საჯარო სკოლების და წმ. გიორგის სახელობის სკოლა- ლიცეუმის მიერ მომზადებული ფილმები დასახელდა. გამარჯვებული სკოლების მოსწავლეებისთვის ერთობლივი ექსკურსია მოეწყობა.

 

პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეების და პედაგოგების თქმით ტრენინგებით მიღებული ცოდნა და კონფლიქტების მედიაციის გზით გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სკოლებში ნდობის ატმოსფეროს შექმნას და კონფლიქტების პრევენციას.

 

,,ტრენინგებმა მომცა იმის გაცნობიერების საშუალება, რომ ადამიანებს შორის კონფლიქტი მოლაპარაკებით უფრო ადვილად გვარდება“, აღნიშნა წითელუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ სოფო გოწოევმა.

 

,, სკოლის ადმინიასტრაციასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ უკვე გავაცნობიერეთ მედიაციის მნიშვნელობა და საჭიროება სკოლის ცხოვრებაში. კლასის დამრიგებლების მეშვეობით ინფორმაცია მივიტანეთ ბავშვებამდე. შეირჩნენ მოსწავლეები, შედგა სამუშაო ჯგუფი და ტარდებოდა ტრენინგები. რამდენიმე ბავშვი ისე ღრმად ჩაერთო და დაინტერესდა პროექტით, რომ სამომავლოდ თავის თავს უკვე მედიატორის როლში ხედავს. დღევანდელი ცხოვრება, მათ შორის სასკოლოც არ არის კონფლიქტების გარეშე და ძალიან კარგია, რომ პროექტის დახმარებით ჩვენ უკვე გვყავს მოსწავლე-მედიატორები, რომლებიც შეძლებენ კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით, რითაც კონფლიქტების გაღრმავების რისკები შემცირდება სკოლაში,“ აღნიშნა გორის N 6 საჯარო სკოლის დირექტორმა მარიამ ნუცუბიძემ.

 

,, მოსწავლეებს თავდაპირველად დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ პროექტისადმი, მაგრამ ტრენერებთან პირველივე შეხვედრის შემდეგ ბავშვები უკვე თვითონ ითხოვდნენ პროექტში ჩართვას. მათ შორის იყო 12 წლის დავითი, რომლის დიდი სურვილი გაითვალისწინეს ტრენერებმა და ასაკის მიუხედავადის გახდა პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე,“ გვითხრა წმ. გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმის დირექტორმა მანანა ჩუხრუკიძემ და დასძინა, რომ თანატოლთა მედიატორრებისგან დიდი ინტერესით ელოდება პროექტში მიღებული ცოდნის გამოყენებას და კონფლიქტების ამ ახლებური მეთოდით გადაწყვეტას.

ჯგუფური მეცადინეობა სატრენინგო კურსის ნაწილი
ჯგუფური მეცადინეობა სატრენინგო კურსის ნაწილი

 

პროექტის ყველაზე პატარა მონაწილეს, 12 წლის დავით ლაღუნდარიძეს ასაკის გამო თავდაპირველად უარი უთხრეს პროექტში მოანწილეობაზე, თუმცა აქტიურობით და დაჟინებული თხოვნით მან მიზანს მიაღწია.

,,რომ გავიგე, კოფლიქტის მოგვარება ჩხუბის, ცემის და კამათის გარეშეც შეიძლებოდა და ამას მედიაციის პროექტში ასწავლიდნენ, ძალიან მომინდა ამ პროექტში ჩართვა, მაგრამ უარი მითხრეს, პროექტი უფროსკლესელებზეა გათვლილი და შენ პატარა ხარო. ვიაქტიურე, ვიბრძოლე და მაინც ჩავერთე. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე და რასაც აუცილებლად გამოვიყენებ თანატოლებშიც და სამეგობროშიც ,“ გვითხრა დავითმა.

  

გორის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ რევაზ გუდაძემ პროექტით მიღებულ სარგებელზე და საქართველოში მედიაციის დაკვიდრების ხელისშემშლელ გარემოებებზე გვესაუბრა: ,,პროექტის მეშვეობით გავცნობიერდი მოლაპარაკების ხელოვნებაში და გავიგე ამ მეთოდის უპირატესობა კონფლიქტების მოგვარების სხვა საშუალებებთან შედარებით. მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს ჩემს წრეში მოლაპარაკებების გზით მოვაგვარო კონფლიქტები. აქვე ერთი რამ მინდა ავღნიშნო. ხალხმა არ იცის რა არის მედიაცია. მედიაციაზე რომ ვსაუბრობ, ჰგონიათ რომ მედიაზე და ტელევიზიაზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით თუ ხალხს ცნობიერება არ ავუმაღლეთ მედიაციის დანერგვა გაძნელდება. არადა თუ დაინერგება ძალიან კარგი იქნება; ქუჩის კონფლიქტები დარბაზში გადაინაცვლებს და მოლაპარაკების გზით, კულტურულად მოგვარდება.

მეგი ბიბილური
მეგი ბიბილური

  

მედიაციის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მეგი ბიბილურის თქმით სასკოლო მედიაციის პროექტი იყო საპილოტე, რომელიც წარმატებით განხორციელდა. სამომავლოდ კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად იგეგმება გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ფართო პროექტის განხორციელება, რაც საქართველოში მედიაციის დამკვირდება-განვითარების ნაწილი იქნება.

 

,,მედიაციის დანერგვა და მისი განვითარების ხელშეწყობა საქართველოსთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის პირველი ნაბიჯები სასკოლო ასაკიდან უნდა გადაიდგას და ბავშვებმა კონფლიქტების მოგვარების ხელოვნება, მოლაპარაკების ტექნიკა, თანაცხოვრების საჭიროება და კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლონ. პროექტმა აჩვენა, რომ პროცესი საინტერესოდ წარიმართა, ბავშვები დაინტერესდნენ და გამოხატეს სურვილი უფრო მეტი შეიტყონ მედიაციაზე, მეტი უნარ-ჩვევა შეიძინონ, უფრო კარგად დაეუფლონ მედიატორის ტექნიკებს და შეძლონ საკუთარ ჯგუფში, სამეგობროში, არსებული კონფლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარება. ვფიქრობთ, სასკოლო მედიაციის მიმართულებით საჭიროა სისტემური მუშაობა არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთანაც და მშობლებთანაც, რათა ყველამ ერთად გაიაზრონს მედიაციის გზით კონფლიქტის მოგვარების დადებითი მხარეები. ამ კუთხით გვსურს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა. ვგეგმავთ ექსპერტების შეხვედრას და მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები გვინდა შევთავაზოთ განათლების სამინისტროს მედიაციის მნიშვნელობის, განვითარებისა და მისი დამკვირდების შესახებ. ვფიქრობთ, სამინისტროს ისიც შევთავაზოთ, რომ მედიაცია მხოლოდ არაფორმალური განათლება არ იყოს, არამედ ის დაინერგოს განათლების სისტემაში. ჩვენი აზრით იმ უამრავ სიკეთესთან ერთად რაც მედიაციას მოაქვს, სკოლებში მისი დანერგვა მოზარდებს კომპრომისზე წასვლას, პრობლემის სწორად გაანალიზებას, სწორ და კულტურულ კომუნიკაციას შეასწავლის და ბოლო პერიოდში მოზარდებში გახშირებული სუიციდის ფაქტების პრევენციისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება,“ აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი