ახალი ამბები

რამდენად მზადაა საქართველო კორონავირუსისთვის

28 თებერვალი, 2020 • 1707
რამდენად მზადაა საქართველო კორონავირუსისთვის

დღეს, 28 თებერვალს კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკებმა საქართველოში იმატა. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა რამდენად მზად არის საქართველო კორონავირუსთან საბრძოლველად: რამდენი ინფექციონისტია ქვეყანაში, რამდენი ბოქსირებულია ოთახი არსებობს და როგორია ამ მხრივ საკარანტინო სივრცე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა მასთან გამკლავებას შეძლებს. ვირუსის პრევენციისა და ვირუსით დაავადების შემთხვევაში მისი მკურნალობისთვის ქვეყანას გარკვეული ღონისძიებები უკვე მიღებული აქვს.

ქვეყნის მზადყოფნა

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის საქართველოში 150-მდე ინფექციონისტია,  ეტაპობრივად ხდება სხვა პერსონალის გადამზადებაც. ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ატარებს ტრენინგებს ექიმებისთვის და საბაჟოზე მომუშავე ადამიანებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით ამ ეტაპისთვის მომზადებულია 200-მდე საკარანტინო ოთახი, საწოლების რაოდენობა კი პალატების მიხედვით განსხვავდება. ამჟამად საკარანტინო სივრცეები მოწყობილია საჩხერეში, აბასთუმანში და თბილისში, სადაც ასევე მზადდება დამატებითი ადგილები. საკარანტინო სივრცეები ასევე მზად არის ზუგდიდშიც, თუმცა ამ დროისთვის მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერ კლინიკაში მომზადდეს დამატებითი საკარანტინო სივრცეები.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კი  მზად არის  ასევე ინფექციური და ბოჭორიშვილის საავადმყოფოები, ამასთან მობილიზებულია ტუბდისპანსერიც. გარდა ამისა ეპიდემიოლოგების შეფასების შემდეგ პაციენტებისთვის გაიცემა რეკომენდაციები თვითიზოლაციის შესახებ.  მინისტრის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს  სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ.

რაც შეეხება ბოქსირებულ ოთახებს – გამყრელიძის თქმით ამ დროისთვის საქართველოში 120-მდე ბოქსირებული და ნახევრადბოქსირებული ოთახია გამოყოფილი, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი დგას. ბოქსირებულ ოთახებში კი ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც მძიმე შემთხვევები გამოუვლინდებათ. გამყრელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის ასევე კოჰორტული საიზოლაციო სივრცეებიც, რაც გულისხმობს, რომ იმ დერეფანში მხოლოდ ერთი დაავადების მქონე პირები განთავსდებიან და სამედიცინო პერსონალის გარდა სხვებისთვის შესვლა აკრძალული იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით,   დღეის მონაცემებით, ლუგარის ლაბორატორია 3000-მდე სპეციალურ სინჯს ფლობს, რითიც კორონა ვირუსზე ხდება ლაბორატორიული ანალიზი. გამტრელიძის თქმით,   საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას აქვს რესურსი შემოიტანოს დამატებითი სინჯებიც.

ეკიპირებას რაც შეეხება, გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპისთვის საკმარისი რაოდენობის ეკიპირება არსებობს ექიმებისთვის, საბაჟოებზე მომუშავე ადამიანებისთვის და დანარჩენი პერსონალისთვის. მისივე თქმით, არ არსებობს ეკიპირების ამოწურვის რისკები, რადგან საჭიროების შემთხვევაში მათ  უცხოეთიდან ჩამმოიტანენ.

საქართველოში პირბადეების დეფიციტია, დიდი აფთიაქების ქსელების ნაწილში პირბადეები საერთოდ არ დარჩა, ხოლო ნაწილში შეზღუდული რაოდენობით იყიდება. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, კორონავირუსის მატარებელი ადამიანისთვის კი პირბადე შესაძლოა დაავადების გავრცელებისთვის გარკვეულწილად პრევენციის საშუალება იყოს.

 

ვინ აფინანსებს მკურნალობას

რაც შეეხება მედიკამენტებით მკურნალობას, ამ ეტაპზე სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველა იმ ადამიანის მკურნალობა ფინანსდება, ვიზეც კორონავირუსთან დაკავშირებული ეჭვები არსებობს. გაბუნიას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებში მძიმე შემთხვევების რაოდენობა პროცენტულად ძალიან მცირეა და ის მსოფლიო მასშტაბით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 5 %-ს შეადგენს, საქართველოში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში დაფინანსდება მძიმედ დაავადებული პაციენტების მკურნალობაც.

ქვეყანაში ვირუსის შემოსვლის რისკი

საქართველოს ამ ეტაპზე საჰაერო საზღვარი ჩაკეტილი აქვს ორ ქვეყანასთან – ჩინეთთან და ირანთან, ეს ქვეყნები იმ ხუთ ქვეყანას შორის შედის, სადაც ვირუსი ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. დანარჩენი ქვეყნებისთვის კი აეროპორტში დამონტაჟებულია სპეციალური თერმოსკანერები, რომლებიც ქვეყანაში იმ შემომსვლელების ტემპერატურას აფიქსირებს, ვინც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან შემოდიან. გარდა ამისა, სპეციალური ნიშნების ქონის შემთხვევაში მოწმდებიან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებიც.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, საქართველომ 26 თებერვალს ირანთან მიმოსვლა 2 კვირით ჩაკეტა. შეზღუდვა ეხება როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო (სხვა ქვეყნების გავლით) მიმოსვლას. ირანის გარდა ამ ეტაპზე სახმელეთო მიმოსვლა არც ერთ ქვეყანასთან არ არის ჩაკეტილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან პირველი შემთხვევა მხოლოდ აზერბაიჯანში, დღეს, 28 თებერვალს გამოვლინდა. გარდა ამისა The Moscow Times-ის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით უშუალოდ რუსეთში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, ერთ რუსეთის მოქალაქეს კი აზერბაიჯანში დაუდგინდა კორონავირუსი. ვირუსი არ დაფიქსირებულა სომხეთსა და თურქეთში.

საქართველოდან სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა ირანთან და იტალიასთან.

საქართველოს და სხვა მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მათ ეძლევათ რეკომენდაცია, დაუკავშირდნენ ინფექციურ საავადმყოფოებს და გაიარონ სპეციალური შემოწმება, რაც საკარანტინო სივრცეებში განთავსებასაც ითვალისწინებს.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ადამიანებს უტარდებათ სპეციალური ტესტი, რომელიც იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც 4-5 საათის განმავლობაში დგინდება მათი ავადობა, არ ავადობის ზუსტი პასუხები.

ზოგადი მდგომარეობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ახალი კორონავირუსის სიმპტომებია ცხელება, დაღლილობის შეგრძნება და მშრალი ხველა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტკივილი, ცხვირის შეშუპება, სურდო, ყელის ტკივილი და დიარეა. ეს სიმპტომები ნელა და თანდათანობით იწყება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ინფექცია, თუმცა არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა თავს კარგად მაინც არ გრძნობენ.

დაავადებულთა 80% განსაკუთრებული ჩარევის გარეშე გამოჯანმრთელდა. 6-დან 1 ადამიანს კი კორონავირუსის მძიმე ფორმები ახასიათებს.

მოწყვლად ჯგუფად ითვლებიან მოხუცები და ადამიანები, ვისაც ისეთი სამედიცინო პრობლემები აწუხებთ, როგორიცაა არტერიული წნევა, გულის პრობლემები და დიაბეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი