ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხ. ოსეთთან გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

27 თებერვალი, 2020 • 1372
სამხ. ოსეთთან გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გორის სოფელ აძვთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

„ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს“, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ის თანახმადვე, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ სუს-ში.


რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეებმა გორის სოფელ კირბალთან 17 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც ტყეში შეშის შესაგროვებლად იყო წასული. ის რამდენიმე საათში გათავისუფლდა.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხშირად უჩივის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. დე ფაქტო ხელისუფლებას ზურგს რუსეთის ფედერაცია უმაგრებს.

ადგილობრივებს ხშირად აკავებენ ყოვედღიური საქმიანობისას.

საერთაშორისო საზოგადოება ხშირად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონის ოკუპაციას და გადაადგილების შეზღუდვის სისტემატურ ფაქტებს.

ერთ-ერთი ბოლო გამხაურებული შემთხვევა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. გაფრინდაშვილი თითქმის ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი