ახალი ამბები

ODIHR-ის დირექტორი ნინო ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებს

26 თებერვალი, 2020 • 859
ODIHR-ის დირექტორი ნინო ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგებორგ გისლადოტირი საქართველოს სახალხო დამცველს მხარდაჭერას უცხადებს.

გისლადოტირი სოციალურ ქსელ Twitter-ში აზიარებს 5 საერთაშორისო ორგანიზაციის (ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI), ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი (Equinet) და გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის სპეციალური მომხსენებელი) მხარდამჭერ განცხადებას ნინო ლომჯარიასადმი.

“მე ვუერთდები მხარდამჭერ განცხადებას სახალხო დამცველისადმი, რომლის საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვისა და განვითარებისთვის საქართველოში”, – წერს ODIHR-ის დირექტორი.

მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ შეაფასეს იუსტიციის მინისტრის მიერ 21 იანვარს პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან ვიზიტის ჩანაწერის გასაჯაროება და ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევა.

ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ქმედებები ომბუდსმენის საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას ხელს უშლის. ამასთან, კონფიდენციალურობის დარღვევა ძირს უთხრის სახალხო დამცველის საქმიანობას და რისკის ქვეშ  აყენებს მის თანამშრომლებს. ორგანიზაციებს ასევე მიაჩნიათ, რომ ამ ქმედებას პატიმრებზეც ექნება გავლენა, რადგან შესაძლოა მათ ნდობა დაეკარგოთ ომბუდსმენის წარმომადგენლის მიმართ.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ციხეებთან დაკავშირებით ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით, აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს შეხვდა. ლომჯარიას თქმით, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა პატიმრები აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისგან, რითაც სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი ეშლება. სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. სახალხო დამცველის მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ომბუდსმენის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე უარი განაცხადა.

ამ თემაზე:

5 საერთაშორისო ორგანიზაცია ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი