ახალი ამბები

5 საერთაშორისო ორგანიზაცია ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

21 თებერვალი, 2020 • 1031
5 საერთაშორისო ორგანიზაცია ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ იუსტიციის მინისტრის მიერ 21 იანვარს პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან ვიზიტის ჩანაწერის გასაჯაროებას. განცხადებაში ასავე საუბარია ომბუდსმენის შეხვედრაზე პატიმრებთან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქმემდებარებულმა უწყებამ გაასაჯაროა.

5 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ქმედებები ომბუდსმენის საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას ხელს უშლის. ამასთან, კონფიდენციალურობის დარღვევა ძირს უთხრის სახალხო დამცველის საქმიანობას და რისკის ქვეშ  აყენებს მის თანამშრომლებს. ორგანიზაციებს ასევე მიაჩნიათ, რომ ამ ქმედებას პატიმრებზეც ექნება გავლენა, რადგან შესაძლოა მათ ნდობა დაეკარგოთ ომბუდსმენის წარმომადგენლის მიმართ.

“შეშფოთებულნი ვართ, რომ ბოლო პერიოდში ქართული სახელმწიფოს ქმედებები ეწინააღმდეგება როგორც საშინაო, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ ამ სტანდარტების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები საკუთარი საქმიანობის გამო დაშინების ან შანტაჟის საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ.

ამ განცხადებით მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო პრინციპებს და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით მყისიერად გამოიძიოს მსგავსი შემთხვევები”,-წერია განცხადებაში.

საერთო განცხადებას ხელს ხუთი ორგანიზაცია აწერს: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI), ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი (Equinet) და გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის სპეციალური მომხსენებელი.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით, აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 352-ე მუხლით და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები, მათი თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად. საქმე ეხება 23 იანვარს პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროებას: პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. ლომჯარიას თქმით, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა პატიმრები აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისგან, რითაც  სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი ეშლება. სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. სახალხო დამცველის თქმით, პროკურატურამ უარი განაცხადა, ომბუდსმენის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი