ახალი ამბები

თეირანი-სტამბოლის თვითმფრინავი კორონავირუსის გამო ანკარაში დაეშვა

25 თებერვალი, 2020 • 1029
თეირანი-სტამბოლის თვითმფრინავი კორონავირუსის გამო ანკარაში დაეშვა

თურქეთის ავიახაზების სამგზავრო თითმფრინავი, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანიდან სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, კორონავირუსის საფრთხის გამო ანკარაში დასვეს.

როგორც თურქული მედიასაშუალებები იტყობინებიან, თვითმფრინავის ბორტზე რამდენიმე ადამიანს სხეულის მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რაც საკმარისი საფუძველი გახდა ავარიული დაშვებისთვის. როგორც თურქული მედიასაშუალება Hurriyet Daily News იტყობინება, სამგზავრო თვითმფრინავს ანკარაში სასწრაფო დახმარების მანქანები დაახვედრეს. თვითმფრინავის 132-ვე მგზავრსა და ეკიპაჟის ყველა წევრს ანკარაში 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ.

აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დადგინდა, რომ თვითმფრინავში მყოფი სიცხიანი ადამიანების ნაწილი ირანის ქალაქ ყუმიდან არის. ირანში კორონავირუსმა სწორედ ამ ქალაქში იფეთქა და ამჟამად მთელი ირანის მასშტაბითაა გავრცელებული. ბოლო ინფორმაციით, ვირუსის შედეგად ირანში უკვე 16 ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსის გავრცლების გამო თურქეთის ავიახაზებმა ავიარეისები დროებით შეაჩერა ჩინეთისა და ირანის ყველა ქალაქის მიმართულებით, გარდა თიერანისა. თურქეთის ავიახაზები თეირანში მხოლოდ დღეში ორჯერ იფრენს.

კორონავირუსი, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, ირანსა და იტალიაში. ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 80 ათასზე და გარდაცვალების 2 600-ზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მონაცემები მუდმივად იცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი