ახალი ამბები

დარჩენილია პასუხგაუცემელი კითხვები – სარალიძის ადვოკატი

25 თებერვალი, 2020 • 1745
დარჩენილია პასუხგაუცემელი კითხვები – სარალიძის ადვოკატი

ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლიანად მიიჩნევს მიხეილ კალანდიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ კიდევ დარჩათ პასუხგაუცემელი კითხვები. ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ მივესალმებით ამ განაჩენს. რა თქმა უნდა, არ მივესალმებით იმას, რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა არც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” და არც დაზარალებულის პოზიცია ის არ არის, რომ უდანაშაულო პირი მოხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ ადამიანი, რომელმაც ასეთ მძიმე დანაშაულში მიიღო მონაწილეობა, გარეთ დადიოდეს”, – განმარტა ადვოკატმა.

მისი თქმით ამ საქმესთან დაკაცშირებით სასამართლომ ერთიანი, მიზანმიმართული პოზიცია გამოიჩინა და მისთვის არ გადაუხვევია. თუმცა, ლონდარიძის თქმით, სწორედ სასამრთლოს დამსახურებაა, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენებების საფუძველზე, ის ამოიცნეს, როგორც დამნაშავე. მისი განმარტებით, მიუხედავად განაჩენისა, მთლიანი საქმე კიდევ არ არის დასრულებული და დარჩენილია კითხვები, რომელზე პასუხიც ამ დრომდე არ მიუღიათ:

“მთავარი კითხვა, რაც გვაქვს, არის, ვისი ქმედებით მოვიდა საქმე აქამდე, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას და აუცილებლად კითხვებს ვსვამთ სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით… აუცილებელია გამომჟღავნდნენ ის პირები, თუ ვინ მიიყვანა ეს საქმე აქამდე”, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს, 25 თებერვალს, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მიხეილ კალანდიას ოჯახის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი აპირებენ აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას.

11-წლიანი პატიმრობა მიხეილ კალანდიას | ხორავას საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი