ახალი ამბები

11-წლიანი პატიმრობა მიხეილ კალანდიას | ხორავას საქმე

25 თებერვალი, 2020 • 1924
11-წლიანი პატიმრობა მიხეილ კალანდიას | ხორავას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე 25 თებერვლის ვერდიქტით მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პატიმრობაში 11 წლის და 3 თვის გატარება მოუწევს.

დაცვის მხარის თქმით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ჩხუბში ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. თვეების განმავლობაში კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, რასაც სარალიძის მამა აპროტესტებდა.

კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2018 წელს შეიქმნა პარლამენტში.

კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი და არ ჩაატარეს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად. დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ კალანდიას დაკავება იყო.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას — ის საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით სამართალი აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი