ახალი ამბები

“პაNOრამა არა ….” და ხურდები გამოხატვის თავისუფლებისთვის [ფოტო/ვიდეო]

25 ივლისი, 2015 • 1651
“პაNOრამა არა ….” და ხურდები გამოხატვის თავისუფლებისთვის [ფოტო/ვიდეო]

25 ივლისს აქციის მონაწილეებმა “პანორამა თბილისის” მშენებლობა სხვადასხვა საგნების საშუალებით გამოცემული ხმაურით გააპროტესტეს.


“პარტიზანი მებაღეები”, რომლებიც დღეს  გამართული აქციის ორგანიზატორები არიან,  თბილისის სასამართლოს მიერ 23 ივლისს დაკისრებული ჯარიმის, 700 ლარის გადასახდელად მაისურებს არიგებდნენ, ხოლო აქციის მონაწილეები ნებაყოფლობით ყრიდნენ ყუთში თანხას.


პარტიზანი მებაღეები ჯარიმის ნაწილის დაფარვას სწორედ ამ ხურდებით აპირებენ. მაისურებთან ერთად, აქციის ორგანიზატორებმა დაარიგეს სტიკერებიც წარწერით: “ამ ჩემს პანორამას”.

 

საპროტესტო აქცია 2 საათს გაგრძელდა. დღეს 71 მაისური გაჩუქდა, ხოლო დარჩენილ 31 მაისურს ორგანიზატორები მაღაზია “17 კვადრატში” ორშაბათიდან დადებენ გასაყიდად. მაღაზია გ. ჭანტურიას 8 ნომერში მდებარეობს.

 

“რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ იმდენად მეამიტები, რომ ვიფიქროთ, ამ ორ “კალისტრაზე” ბრახუნით, ისინი იტყვიან – “ამის გამო პანორამას არ ავაშენებთ”.  კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს ყველა სახის ხმაური. ექსტრემალური ზომების წინააღმდეგები ვართ, თორემ ადრე ისხამდნენ ნავთს და თავს იწვავდნენ. ზუსტად ესეთი კრიტიკული მდგომარეობაა, რასაც ახლა აკეთებენ. კლდის მოჭრა არის შეუქცევადი პროცესი. ახლა ზაფხულია, ძალიან ცოტა ხალხია და გვინდოდა, მინიმალური რესურსით, ძალიან დიდი ხმაური აგვეტეხა და მიგვექცია ყურადღება. ამით მივაღწევთ იმას, რომ გაშუქდება და არ ჩაიძირება თემა. ჩვეულებრივი პიარი უნდა ამასაც, როგორც ყველა სხვა საქმეს. ჩვენ ვყიდით იმას, რომ თბილისი არ გაიყიდოს და მეტი ადამიანი დაინტერესდეს, თუ რატომ არის პროექტი ცუდი. ჩვენ ყველას სათითაოდ ავუხსნით, თუ რატომ არის პროექტის ამ სახით ასე აშენება ცუდი: გაუანგარიშებლად და კვლევების გარეშე. პროექტი დასრულებული არ არის და კლდე უკვე უკვე მოჭრილია ქვევითაც და ზევითაც. ვეცდებით, გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა სახით”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი “პარტიზანული მებაღეობიდან” ნატა ფერაძე.

 

მისი თქმით, თანხის მოსაგროვებლად დადებული ყუთის გარეშეც, დაჯარიმებული აქტივისტები ისედაც შეძლებდნენ 100-100 ლარის გადახდას, თუმცა პარტიზანმა მიბაღეებმა სხვა ადამიანებსაც მისცეს საშუალება, მიეღოთ ამ საქმეში მონაწილეობა: “იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ჯარიმა არ არის. სხვა რომ დაეჯარიმებინათ, მეც ჩავთვლითი საჭიროდ, მონაწილეობა მიმეღო იგივე საქმეში. ეს არის ფსიქოლოგიურად ამ საქმეში ჩართულობის ფორმა. როგორც ვატყობ, სახელმწიფო ხშირად აპირებს, რომ დაგვაჯარიმოს. ეს უკვე მეორე ჯარიმაა და ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა – ჯარიმა ყვავილების დარგვაზე ქალაქში. ახლა ჯამში გვაქვს 1000 ლარი გადასახდელი.”

 

ჯარიმის გადასახდელად ამ ეტაპზე მხოლოდ 100 მაისური დამზადდა, თუმცა სამომავლოდ “პარტიზანი მებაღეები” პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას არ გამორიცხავენ. სასამართლოს მიერ 100 ლარით დაჯარიმებული კიდევ ერთი აქტივისტი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი ამბობს, რომ ჯარიმების გადახდის შემდეგ, შეიძება კიდევ გაკეთდეს მაისურები მსგავსი წარწერებით.

 

ანალოგიური აქციის 10 მონაწილე დააკავა პოლიციამ გასულ კვირას, რომელთაგანაც სასამართლომ 7 სამართალდამრღვევად ცნო, რადაგანც მათ აქციაზე ეჭირათ პლაკატები უცენზურო სიტყვების შემცველი სლოგანებით. უფლებადამცველები და მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

 

პაNOრამა არა ....- აქცია თბილისში, 25/07/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
პაNOრამა არა ….- აქცია თბილისში, 25/07/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი