ახალი ამბები

„ანას ბაღთან“ აქტივისტები ნერგებს რგავენ, ერთი პირი დაკავებულია

24 თებერვალი, 2020 • 690
„ანას ბაღთან“ აქტივისტები ნერგებს რგავენ, ერთი პირი დაკავებულია

„ანას ბაღთან“, სადაც ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, აქტივისტები ნერგებს რგავენ, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

როგორც ადგილზე მყოფმა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, ისინი ამჟამად ნერგებს რგავენ.

„ნეტგაზეთი“ შსს-საც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს ადგილს განარიდეს ერთი პირი, ერთ პირს კი წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

„ანას ბაღთან“ დაპირისპირება დღეს უკვე მეორედ მოხდა. პირველი დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სცადა რკინის კონსტრუქციის მორყევა. იქამდე, 22 თებერვალს, ღამით აქტივისტებმა ადგილზე სკვერი მოაწყვეს, რომელიც მოგვიანებით კომპანიამ აიღო.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ვარკეთილში მდებარე “ანას ბაღის” მხარდამჭერებმა თბილისის მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილი გააგზავნეს. აქტივისტების თქმით, წერილში არის კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილი ალტერნატიული პარკი და ვინ უნდა აგოს პასუხი მომხდარზე. მერიის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს და “ანას ბაღის” მხარდამჭერებს შენობაში შესვლაში ხელი შეუშალა.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი