ახალი ამბები

“ანას ბაღთან” საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

24 თებერვალი, 2020 • 1358
“ანას ბაღთან” საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

თბილისში, ვარკეთილში, სადაც აქტივისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები “ანას ბაღის” ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობასა და გუშინ მოწყობილი სკვერის აღებას აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა რკინის კონსტრუქციის მორყევა სცადა. ადგილზე ამჟამად იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელზე მდებარე კონსტრუქციების მორყევაც სცადეს, უკანანონოდ იყო დამონტაჟებული. მათი თქმით, „მოხსნეს უკანონოდ დარჭობილი არმატურები“, ხოლო პირები, რომლებიც მას დაუპირსიპირდნენ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები არიან.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, 23 თებერვლის ღამით სკვერი მოაწყვეს – დარგეს ხეები, განათავსეს მაგიდა და სკამები და საბავშვო საქანელები. კომპანიამ კი ხეები დღეს დილით აიღო.

შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა და ვარკეთილში მდებარე “ანას ბაღის” მხარდამჭერებმა თბილისის მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილი გააგზავნეს. აქტივისტების თქმით, წერილში არის კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილი ალტერნატიული პარკი და ვინ უნდა აგოს პასუხი მომხდარზე. მერიის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს და “ანას ბაღის” მხარდამჭერებს შენობაში შესვლაში ხელი შეუშალა.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი