ახალი ამბები

აქცია “პაNOრამა არა ….” და მაისურები ჯარიმისთვის

25 ივლისი, 2015 • 1646
აქცია “პაNOრამა არა ….”  და მაისურები ჯარიმისთვის

ორგანიზატორები აქციის მონაწილეებისთვის მაისურების  დარიგებას გეგმავენ, აქციაზე ასევე იქნება ყულაბა შემწირველებისთვის. შეგროვილი ფულით კი  იმ ჯარიმის გადახდას აპირებენ, რომელიც მოსამართლემ დააკისრა გასულ კვირას გამართულ აქციაზე  უცენზურო წარწერების შემცველი პლაკატების ქონის გამო.

აქციის ორგანიზატორებმა უკვე დაამზადეს 100 მაისური, რომლებზეც არის წარწერა “ამ ჩემს პანორამას” .

 

აქცია  დღეს, 17.00 საათზეა დაგეგმილი “პანორამა თბილისის” პროექტის ერთ-ერთ ადგილას – ტელეკომპანია GDS-თან.

ორგანიზატორები “ხმაურიან” აქციას გეგმავენ, ამიტომ მონაწილეებს მოუწოდებენ თან იქონიონ “ყველაფერი, რაც ხმაურობს” , “ქვაბის თავსახური და კოვზი, რომ ზედ არაგუნოთ, ბოთლი, შიგ ჩაყრილი კენჭებით, ან საყვირი, ან სასტვენი ა.შ.”.

 

გასულ კვირას გამართული აქციაზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. აქედან  7  მონაწილე, რომლებსაც აქციაზე ეჭირათ პლაკატები უცენზურო სიტყვების შემცველი სლოგანებით,  თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით და 100-100 ლარით დააჯარიმა.  

 

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველოში ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და ამკვიდრებს მავნე პრაქტიკას. ორშაბათს ამის გამო  სასამართლოსთან აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს. საია ასევე აპირებს სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ამ ჩემს პანორამას- ამ წარწერით მაისურებს დღეს აქციაზე გაყიდიან
ამ ჩემს პანორამას- ამ წარწერით მაისურებს დღეს აქციაზე გაყიდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი