ახალი ამბები

“ანას ბაღის” მხარდამჭერებმა მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილი დატოვეს

24 თებერვალი, 2020 • 913
“ანას ბაღის” მხარდამჭერებმა მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილი დატოვეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და ვარკეთილში მდებარე “ანას ბაღის” მხარდამჭერებმა თბილისის მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილი გააგზავნეს. აქტივისტების თქმით, წერილში არის კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილი ალტერნატიული პარკი და ვინ უნდა აგოს პასუხი მომხდარზე. მერიის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს და “ანას ბაღის” მხარდამჭერებს შენობაში შესვლაში ხელი შეუშალა.

აქტივისტ ნატა ფერაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან მერიის შენობაში შეღწევა მაინც შეძლო, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა:

“მე ვიყავი შიგნით შესული და ველოდებოდი რამდენიმე აქტივისტს, რომ შეგვეტანა განცხადება კალაძესთან მოთხოვნით, რა დროსაც ნამწვივით გადმომაგდო დაცვამ მერიის შენობიდან. მე მგონი, ფეხის თითები დაზიანებული მაქვს”, – განაცხადა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, პროტესტი კვლავ გაგრძელდება, რის ფარგლებშიც ვარკეთილში, “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ სკვერს ააშენებენ. ასევე არ შეწყდება პროტესტი მერიასთანაც.

საბოლოოდ სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა მერიიის შენობაში შესვლა მოახერხა და კალაძის სახელზე წერილის დატოვება შეძლო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, 23 თებერვლის ღამით სკვერი მოაწყვეს – დარგეს ხეები, განათავსეს მაგიდა და სკამები და საბავშვო საქანელები. კომპანიამ კი ხეები დღეს დილით აიღო.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი