ახალი ამბები

ნევადის კოკუსი ბერნი სანდერსმა მოიგო

23 თებერვალი, 2020 • 2363
ნევადის კოკუსი ბერნი სანდერსმა მოიგო

აშშ-ის შტატ ნევადაში დემოკრატიული პარტიის კოკუსში (პირველად კენჭისყრაში, რაც პრაიმერიზის დროს ტარდება) სენატორმა ბერნი სანდერსმა მოიპოვა გამარჯვება.

ამ დროისთვის ხმების სრული რაოდენობა არ არის დათვლილი, თუმცა სანდერსის გამარჯვება გარდაუვალია.

„ნიუ-იორკ ტაიმზის“ ცნობით, რომელიც საარჩევნო უბნების 50%-ს ეფუძნება, ბერნი სანდერსს 46.6%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე გადის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 19.2%-ით. მას პიტი ბუტიჯიჯი მოსდევს 15%-ზე ოდნავ მეტით.

ამ გამარჯვებით იზრდება სანდერსის შანსი, რომ მთლიანად პრაიმერიზში გაიმარჯვოს და საბოლოოდ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს.

„ჩვენ მოვახერხეთ, ერთად შეგვექმნა თაობათაშორისი, მრავალეთნიკური კოალიცია, რომელიც მხოლოდ ნევადაში კი არა, მთელს ქვეყანაში გაიმარჯვებს“, – მიმართა სენატორმა სანდერსმა მხარდამჭერებს.

სანდერსი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში 2019 წლის თებერვალში ჩაება. სანდერსს 2016 წელსაც სურდა პრეზიდენტობა, თუმცა “დემოკრატების” პრაიმერიზში, ანუ შიდა პარტიულ არჩევნებში, ჰილარი კლინტონთან დამარცხდა. საბოლოოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

ბერნი სანდერსი ამჟამად 77 წლისაა. თუკი გაიმარჯვებს, ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება. ათწლეულების განმავლობაში სანდერსი პირველი ამერიკელი ლიდერი იყო, ვინც აცხადებდა, რომ დემოკრატიული სოციალისტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი