ახალი ამბები

ჩატარდება თუ არა 2016 წლის არჩევნები ადაპტირებულ გარემოში

23 ივლისი, 2015 • 2189
ჩატარდება თუ არა 2016 წლის არჩევნები ადაპტირებულ გარემოში

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან სპეციალური საჭირობების მქონე (სსმ) ამომრჩევლები, რადგან საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შენობაში შესვლა და ხმის მიცემა ყველა ამომრჩეველმა შეძლოს.

საქართველოში სულ 3637 საარჩევნო უბანია, ცესკოს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებით აქედან მხოლოდ 463 იყო ადაპტირებული, ანუ შესასვლელში დამონტაჟებული პანდუსით ეტლით მოსარგებლეებისათვის.

“საარჩევნო კოდექსში ცვლილება შარშან შევიდა. მანამდე ყველა საჯარო უწყებას, რომელიც ცესკოს შენობას გადასცემდა საარჩევნო უბნის მოწყობის მიზნით, თავად უნდა უზრუნველეყო მისი ადაპტირება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას საარჩევნო კომისია მიმართავდა და ამას მოსთხოვდა. თავის მხრივ, საარჩევნო კომისიისთვის უნდა მიემართა ამომრჩეველს არჩევნაბმადე 25 დღით ადრე და ეცნობებინა, რომ არჩევნებზე მიდიოდა და იყო სპეციალური საჭიროების პირი. ეს მაინცდამაინც კარგი მიდგომა არ იყო, ვინაიდან ყველა ადამიანი საარჩევნო კოდექსს არ იცნობს”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე, “სამართლიანი არჩევნების” იურისტი.

ცესკოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საარჩევნო ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან გააფორმა მემორანდუმი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. მემორანდუმით მხარეები პირობას დებენ, რომ კოორდინირებულად იმოქმედებენ. ცესკო საარჩევნო უბნებს ძირითადად სწორედ იმ უწყებებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში ათავსებს (სკოლები, ბაღები, ადმინისტრაციული შენობები), რომელთანაც ზემოხსენებული მემორანდუმი გააფორმა.

კანონი სანქციის გარეშე

ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა ბათუმელებთან საუბარში ამბობს, რომ 3637-დან მხდოლო 463 ადაპტირებული უბანი ცოტაა. მისივე თქმით, ეს 2014 წლის მონაცემია, რომელსაც 2015 წელს კიდევ დაემატა ადაპტირებული საგანმანათლებლო დაწესებულბები, თუმცა ჯერ უცნობია ზუსტად რამდენი.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადაპტირებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ის, რომ ყველა საარჩევნო უბანი იქნება ხელმისაწვდომი… წინასწარ ასეთ განაცხადს ჩვენ ვერ ვაკეთებთ. მიზანი არის, რომ ყველა საარჩევნო უბანი იყოს ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის”, – ამბობს სიჭინავა.

მემორანდუმი, რომელიც სავალადებულო ძალის მქონე იურიდიული დოკუმენტი არ არის, “მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნებისთვის ისეთი ნაგებობების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ცესკოს პრესრელიზით, მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ “ასეთი შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის უნდა გამოიყოს ისეთი ნაგებობა, რომლის ადაპტირებასაც გადამცემი ორგანო კენჭისყრის დღისთვის უზრუნველყოფს”. ელენე ნიჟარაძის თქმით, უბნების ადაპტირებას საარჩევნო კოდექსიც ითხოვს, თუმცა თუ რომელიმე ორგანო მას არ შეასრულებს და ცესკოს ადაპტირებულ შენობას არ ჩააბარებს, არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკსირება. პასუხისმგებლობაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ რომელიმე თანამდბეობის პირის სამსახურებრივი გულგრილობა გამოიკვეთა, რის გამოც დაწესებულებაზე პანდუსი არ განთავსდა. სხვა მხრივ, ეს მხოლოდ დამკვირვბლების მხრიდან ნეგატიური შეფასებით შეიძლება შემოიფარგლოს.

რა გარანტია არსებობს, რომ მემორანდუმის ხელმომწერები პირობას შეასრულებენ? – სოფო კაჭარავა ასე გვპასუხობს:

“გარანტია არის ის, რომ  მხარეები ღიად აფიქსირებენ  თავის პოზიციას, რომ ისინი თავად იღებენ საარჩევნო უბნების ადაპტირების პასუხისმგებლობას. შესაბამისად, როცა ასეთი მდიგომა არსებობს, ვფიქრობ, სხვა ბერკეტებზე ლაპარკი ზედმეტია”.

მოძრაობა ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” წარმომადგენელი გიორგი ახმეტელი ეტლით მოსარგებლეა და არასამთავრობო სექტორიდან სსმ პირების პრობლემებზე წლებია მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ყველა იმ შენობის ადაპტირება, რომელსაც ცესკო საარჩევნო უბნად იყენებს, ფიზიკურად ვერ მოხერხდება, ამიტომ იგი ზემოხსენებულ მემორანდუმს და უწყებებს შორის პოტენციურ კოორდინაციას იმედის თვალით უყურებს და ელის, რომ არჩევანი გაკეთდება ადაპტირებად ნაგეობებზე და არა იმ დაწესებულებებზე, სადაც  მაგალითად უბნის მოწყობა მხოლოდ მეორე სართულზეა შესაძლებელი. სოფო სიჭინავას თქმით, თუ ცესკო შესაბამის ადაპტირებულ შენობებს მიიღებს, პასუხისმგებლობას იღებს, რომ საარჩევნო უბანს მხოლოდ პირველ სართულზე განათავსებს, რათა ეტლით მოსარგებლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ საარჩევნო უბანში მისვლა და საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.

გადასატანი ყუთები როგორც პოზიტიური დისკრიმინაცია?

ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი სპეციალური საჭირობების მქონე ამომრჩეველი ცხოვრობს სულ საქართველოში ცესკოში არ აქვთ, თუმცა ცნობილია რომ 2014 წლის არჩევნებში მონაწილეობა 4883-მა მათგანმა მიიღო. გიორგი ახმეტელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ქვეყანაში 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი ჰყავს აღრიცხული, თუმცა საერთაშორისო კვლვები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10-15 პროცენტი სპეციალურ საშუალებებს საჭიროებს, შესაბამისად, ამ ფორმულით საქართველოში ეს რიცხვი დაახლოებით 300 ათას უნდა აჭარბებდეს. მისი თქმით, მხოლოდ 125 ათასიც რომ იყოს რეალური რიცხვი, შშმ ადამიანების პროცენტული აქტივობა მაინც დაბალია. მისი თქმით, შშმ პირების აქტივობის გაზრდა გადასატანი ყუთებით პრობლემას არ აგვარებს, რადგან ეს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, ამიტომ საჭიროა გარემოს ადაპტირება:

‘საარჩევნო ყუთების სახლში ტარება ძალიან ცუდი პრაქტიკაა. ეს მხოლოდ მწოლიარეებისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც იმ მომენტში გადაადგილებას ვერ ახერხებენ და არა შშმ პირებისთვის”.

იგივე აზრზეა თომა კაკბაძე, არამსათავრობო ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, რომელიც ასევე ეტლითმოსარგებლეა და სსმ პირების უფლებებზე აჭარაში მუშაობს:

“როცა შშმ პირი საარჩევნო უბანზე თვითონ მიდის, ეს ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. თუ შენობა ადაპტირებული არ არის, საზოგადოებას აჩვენებს, რომ მე მოვედი, მაგრამ მონაწილეობას ვერ ვიღებ არჩევნებში, ამის გამო. ასევე ჩართულია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც ერთი დღით… სახლში მოტანილი საარჩევნო ყუთი, ძალიან რაღაცნაირი შეგრძნებაა…”, – ამბობს იგი. გაეროს 2006 წლის კონვენციით, რომელიც საქართველოს რატიფიცრებული აქვს, სპეციალურ საჭირობების მქონე პირთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოთხოვნაა.

თომა კაკბაძე იხსენებს, რომ წინა არჩევნებზე ბათუმის შემოგარენში დაახლოებით 7 უბანზე აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაც დააფიქსირა, რომელიც უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, უბნებზე განთავსებული ზოგიერთი პანდუსი სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, არ ჰქონდა მოაჯირი, სათანადო დახრის კუთხე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტლითმოსარგებლე მის გამოყენებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე უბანზე არ იყო ბრალის შრფიტიანი სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომლის დახმარებითაც ის ადამიანები აძლევდნენ ხმას, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირბეული პრობლემები აქვთ.

“დაახლოებით 7 უბანზე ვიყავი მე, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ამბობდნენ არ გვყავს ამომრჩევლები, ვისაც ეს სჭირდებაო, ან ეტლითმოსაგრებლეებიო და რა მნიშვნელობა აქვს ყავთ თუ არა, იქნებ საერთოდ არაა ბაზაში და შემდეგ მივიდეს ამომრჩეველი?”.

სოფო სიჭინავას თქმით, 2014 წლის არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ცესკომ სსმ პირების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის გაზრდის მიზნით არაერთი პროექტი განახორციელა და მომდევნო არჩევნებისთვის ამ კუთხით უფრო მეტ აქტიურობას ისევ აპირებს. მისი განამრტებით, 2014 წელს გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები სსმ პირების ინფორმირების მიზნით, არჩევნების დღეს გამოყენებულ იქნა 13 პორტატული პანდუსი, რომლითაც 88 ადამიანმა ისარგებლა, ასევე მობილური ჯგუფების პროექტი, რომლებიც კენჭისყრის დღეს ემსახურებოდნენ შესაბამის ამომრჩევლებს, მხედველობადაქვეითებულებისთვის უბნების ნაწილი მოამარაგეს გამადიდებელი ლიზნებით, ხოლო სმენადაქვეითებულებისთვის ვიდეოინსტრუქციის სერვისით, თუმცა გიორგი ხეცურიანის და თომა კაკბაძის თქმით, ამ კუთხით კიდევ არის სამუშაო, რათა შესაბამისი მომსახურებებით ყველა უბანი დაიფაროს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთათვის საარჩევნო პროცესების გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ცესკოს ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

გაზრდის თუ არა გარემოს სრულად ადაპტირება სპეციალური საჭირობების მქონე ამომრჩევლების აქტივობას არჩევნებზე?

გიორგი ხეცურიანი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადამიანების მხრიდან დისკრიმინაციაა:

“შეცოდების მომენტი – შეიძლება არჩევნებზე მე, ეტლითმოსარგებლე მივიდე და იქ ვიღაცამ მითხრას, შე საცოდაო რატომ შეწუხდი, ყუთს სახლში მოგიტანდითო. ეს დამოკიდბეულება ჩემთვის შეიძლება წინაღობა არ აღმოჩნდეს და სხვა დროს ისევ მივიდე არჩევნებზე, მაგრამ სხვა შშმ პირი შეიძლება დაითრგუნოს, შემდეგში აღარ წავიდეს და პასიური გახდეს”.

….თემის დასტრესილი წევრის გარეთ გამოყვანა ასე მარტივი არ არის, ლაპარაკია იმ ადამიანზე, ვინც სახლიდან ერთხელ გამოვიდა, ავტობუსში შეეცადა ასვლას და საცოდავი ეძახეს. მეორედ გარეთ გამოსვლა მისთვის ისევ სტრესთან ასოცირდება. საჭიროა სტრესის მოხსნა. ფსიქოლოგიური მუშაობა, მხოლოდ გარემოს ადაპტირება პრობლემას ვერ მოაგვარებს”, – ამბობს ახმეტელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი