ახალი ამბები

ოზურგეთის მერია 8 მარტს 40 ქალისთვის მიქსერების ჩუქებას აპირებს

21 თებერვალი, 2020 • 2875
ოზურგეთის მერია 8 მარტს 40 ქალისთვის მიქსერების ჩუქებას აპირებს

ოზურგეთის მერია აპირებს, რომ 8 მარტს გამართოს ღონისძიება, რა დროსაც 40 ქალს საჩქრად მიქსერებს გადასცემს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე უკვე გამოქვეყნებულია.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში 8 მარტს აქცია/მსვლელობები იმართება, რა დროსაც ქალები თანასწორუფლებიანობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდიან. მსგავსი აქციები იმართება საქართველოშიც. 

თუმცა ოზურგეთის მერიას ამ დღესთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. უწყება საკუთარი ღონისძიების ორგანიზებისთვის 11 460 ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ქალებს სასაჩუქრე ბარათებსა და მიქსერებს დაურიგებენ. ღონისძიება ითვალისწინებს კონცერტის გამართვასაც.

ნეტგაზეთი ესაუბრა ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსს, მარინა ჯაფარიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მიქსერები თავის პროფესიულ სფეროში წარჩინებულ 40 ქალს გადაეცემა.

ის ასევე ირწმუნება, რომ ქალებისთვის მიქსერების გადაცემა სექსისტური არ არის და მერია ამით არ ამბობს, რომ ქალები სამზარეულოში უნდა დარჩნენ.

ჩვენს კითხვაზე, მაშინ რატომ შეირჩა მიქსერი და არა, მაგალითად, ტელევიზორი, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არაკომპეტენტური კითხვაა და განმარტავს:

„ეს არის ხაზგასმა იმაზე, რომ საოჯახო ნივთი, რომელსაც მომხმარებელი ჰყავს ოჯახში, არის ყოველთვის საჭირო და აქტუალური.

ამდენადაც, ქალბატონები, რომლებიც იღვწიან საზოგადოებაში და თავიანთ ენერგიას ჩუქნიან საზოგადოებას, ასევე იღვწიან ისინი თავიანთ ოჯახებში და მათი შრომის შედეგად მოპოვებული ნივთი, ჩვენი აზრით, იქნება სიამაყის საგანი.

ტელევიზორი, თქვენ იცით, რა ფინანსებთანაა დაკავშირებული, სხვა თემაა და არაკომპეტენტური შეკითხვაა. არანაირად არ მიეგუება სარვამარტო სიტუაციას და ბიუჯეტს თითო ტელევიზორი დაუჯდებოდა მინიმუმ 800 ლარი” ,- ამბობს მარინა ჯაფარიძე.

ქალებისთვის სარვამარტოდ მიქსერების ჩუქებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს გენდერის მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს:

“სახელმწიფოს დღემდე ისე ესმის, რომ თითქოს  წარმატებულობის საზომი და ასპარეზი ქალისთვის მაინც არის ოჯახი. ეს საჩუქარშიც აისახება. ფუნქციურად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქალის მთავარ ფუნქციასა და დანიშიშნულებას სახელმწიფო დედობასა და ოჯახში ხედავს.

ამის მაგალითი ისიც არის, რომ ადრე არსებობდა ინიციატივა, რომ 8 მარტი შეცვლილიყო „დედის დღედ““, – ამბობს აღდგომელაშვილი.

მისი თქმით, დღესდღეობით სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვალა თუნდაც იმიტომ, რომ „ქალი პოლიტიკაში გამონაკლისი აღარ არის, არც წარმატებული ქალები არიან გამონაკლისები“, თუმცა, მთლიანობაში, სურათი მაინც დისკრიმინაციულია ქალების მიმართ.

„ის ნარატივი მაინც რჩება: რაც არ უნდა წარმატებული იყოს ქალი, მას ეუბნებიან, რომ „თავისი ადგილი არ დაავიწყდეს“. ასეთი საჩუქრები კი ერთგვარი შეხსენებაა, რომლითაც ქალებს ეუბნებიან, რომ ოჯახი მისი მთავარი დანიშნულებაა“, – განმარტავს აღდგომელაშვილი.

„ამ საჩუქრით ჩანს, რომ სახელმწიფო ქალებს ფუნქციურად მაინც ასე ხედავს: ადამიანს, რომელიც ავტომატურად სამზარეულოშია და ასეთი ტიპის საქმიანობითაა დაკავებული. გარეთ ვერ მხედავს, ვერ აღმიქვამს, სერიოზულად არ აღიქვამს იმ სხვა საქმეს, რომელსაც ვაკეთებ.

რატომ არ შეიძლება სხვა რამეში შეუმსუბუქო ქალს ტვირთი? თუ გინდა, რომ მიეხმარო, დრო დაუზოგო, ხელი შეუწყო, რატომ არ არის აქცენტი იმაზე, რომ თუ მაინცდამაინც ოჯახზეა აქცენტი, დასაქმებული ქალებისთვის დაარეგულირონ ბაღების საკითხის მოწესრიგება?!

უამარავი ბარიერის მიუხედავად, იმის ნაცვლად, რომ ქალს საჯარო სივრცეში რეალიზებაში დაეხმარონ, მაინც ოჯახურ საქმეებთან მიბმულ გარემოში განიხილავენ“, – ამბობს ნეტგაზეთთან ეკა აღდგომელაშვილი.


ოზურგეთამდე ქალებისთვის ხორცსაკეპი მანქანების გადაცემას ზუგდიდის მერია აპირებდა. ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის უწყებას 20 ხორცსაკეპის ყიდვა უნდოდა, რაშიც, 4 ათას ლარამდე უნდა დახარჯულიყო.

თუმცა ხორსაკეპებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.


დიასახლისების შრომაზე წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

დიასახლისის უხილავი შრომა

მასალების გადაბეჭდვის წესი