ახალი ამბებისაზოგადოება

დიასახლისის უხილავი შრომა

1 მაისი, 2017 • 8366
დიასახლისის უხილავი შრომა

როგორია ქალაქში მცხოვრები დიასახლისი ქალის ერთი დღე? როდის გახდა მათთვის ოჯახი და კარიერა შეუთავსებელი? ხედავს თუ არა სახელმწიფო ამ ქალების შრომას?


შორენა ნოზაძე, 38 წლის, სამი შვილის დედა, ამჟამად ელოდება მეოთხე შვილს, ცხოვრობს თბილისში.

“საჩხერიდან ვარ, სოფელ მოძვიდან. იქ დავიბადე, გავიზარდე. სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე სულხან-საბას უნივერსიტეტში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. პრაქტიკის მერე სკოლაში აღარ გვყოფილვარ. შევიტანე რაიონში განცხადება და ველოდებოდი სამსახურს, მაგრამ იმ წელს გავთხოვდი. 23 წლის ვიყავი. შემდეგი წლის დეკემბერში უკვე შემეძინა პირველი ბავშვი, მერე ასე მივყევით ნელ-ნელა და ახლა მეოთხე შვილს ველოდები. ჩემი სამსახურის ამბავი დარჩა გვერდზე.

აქ არავინ მყავს. დედამთილიც მყავს, დედაც, მაგრამ თბილისში არავინ არის. რაიონში ცხოვრობენ. ვინმე რომ დამჭირდეს აქვე, არავინაა. იმდენი შემოსავალი კიდევ არ მექნებოდა, რომ ძიძას ხელფასი ვუხადო. ისევ ვარჩიე, ჩემს შვილებთან მე თვითონ ვყოფილიყავი. ახლა, როცა წამოიზარდნენ ბავშვები, თითქოს შეიძლებოდა უკვე რამის მოძებნა, მაგამ მეოთხე შვილს ველოდები. სამი გოგო გვყავს და გვინდოდა ბიჭიც.

სიმართლე რომ გითხრათ, არც მიცდია სამსახურის შოვნა. არც არავინ შემიწუხებია. ზამთარი ისე არ გადის, რომ ცუდად არ გახდნენ და სამსახურიდან ისე ვინ გამომიშვებდა იმდენი ხნით, რომ ბავშვებისთვის მიმეხედა. ისე გადაებმება ხოლმე, ჯერ ერთი გახდება ცუდად, მერე მეორე და ასე რამდენიმე კვირა… ასეთი ფაქტორების გამო თავს ვიკავებდი ყოველთვის.

შორენა ნოზაძე 29.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შორენა ნოზაძე 29.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯერაც არ ვიცი, ამ გადასახედიდან ღირდა თუ არა, ან შეიძლება ყველაფერიც კარგად აწყობილიყო, მაგრამ ვერ ვიტყვი. რამდენი ქალია, ისეთი ყოჩაღები არიან – მუშაობენ და სახლის საქმესაც ასწრებენ. დღემდე არ ვიცი, რა ვერ გავრისკე. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი მოაკლდებოდათ, ვიდრე მიემატებოდათ. ისეთიც არ ვარ, რომ ვინმე შევაწუხო. რამდენჯერ ყოფილა, სულ პატარა სახლში დაძინებული დამიტოვებია, რომ უფროსები სკოლიდან ან ბაღიდან წამომეყვანა. ერთხელ იმდენი ხანი ეძინა, არფრით არ გაიღვიძა, მე კიდევ მაგვიანდებოდა და რა მექნა არ ვიცოდი. თან მეცოდებოდა, რომ გამეღვიძებინა. ავდექი, იატაკზე გავუშალე და გადმოვაწვინე, ჯერ სიარულიც არ იცოდა. ვიფიქრე, თუ გადმოწვენის დროს გაიღვიძებდა, კარგი, თუ არადა, იქ დაიძინებდა და იმისი მაინც არ შემეშინდებოდა, რომ ლოგინიდან გადმოვარდებოდა. დავტოვე და ისე ჩქარა გავიქეცი, საშინელება იყო. გზაში მოვდიოდი და ბავშვის ტირილს თუ გავიგებდი, მეგონა, ჩემი ტიროდა. რომ მოვბრუნდი, კი დამხვდა ისევ მძინარე, მაგრამ გზაში ისე ვინერვიულე. ხომ შემეძლო, მეზობლისთვის მაინც მეთქვა, მაგრამ მომერიდა. ასე გამოვიდა, რაღაცნაირად მარტო ვარ.

ფინანსურად შეიძლება თავზეც არაფერი გადაგვდის, პირიქით, მაგრამ სულ მეგონა, რომ იმ ფინანსურ მხარეს ამათთვის ყურადღების მიქცევა უფრო აჯობებდა. მაგის გამო შევიკავე უფრო თავი.

ბავშვების დამზადებული მისალოცი ბარათები შორენასთვის 29.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ბავშვების დამზადებული მისალოცი ბარათები შორენასთვის 29.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შორენა ნოზაძე შვილებთან ერთად 29.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შორენა ნოზაძე შვილებთან ერთად 29.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჩემი მეუღლე არასდროს ყოფილა წინააღმდეგი, რომ სამსახური მეპოვა. პირიქით, ხელსაც კი შემიწყობდა, მაგრამ რაღაც ასე გამოვიდა. მით უმეტეს, ჩემი პროფესია ისეთი იყო, რომ თვითონაც სულ აღნიშნავს ხოლმე – ქალისთვის კომფორტული საქმეაო.

თავიდანვე ალღო თუ არ აუღე საქმეს, თუ არ ჩაები, მერე ძნელია. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ეკონომიკურად დამოკიდებული ხდები, მაგრამ ჩვენებიც გვეხმარებიან. სოფლის პროდუქტი იქნება თუ რამ, გვიგზავნიან და ცდილობენ შეგვეშველონ. ზოგჯერ ვფიქრობ, ამანაც შემაჩერა, რომ არ გავედი და არ მოვძებნე სამუშაო. ალბათ, უფრო მეტად რომ გამჭირვებოდა, მერე უფრო ვიფიქრებდი. არასდროს ყოფილა, რომ რამე მეცადა და ვინმე წინ დამდგომოდა. მე თვითონ ვიყავი პასიური.

ბევრი ისეთიც მინახავს, შეიძლება ხელფასიც კარგი ჰქონდეს და ფინანსურადაც კარგად აეწყონ, მაგრამ შვილებს იმდენად აკლიათ დედის ყურადღება, რომ მათ განვითარებაზეც აისახება.

ალბათ, ის ერთი წელი რომ მემუშავა გათხოვებამდე, აღარ დავრჩებოდი სახლში. აი, იმას ვიძახი, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მე რაც ვისწავლე, ის დღეს აღარავის სჭირდება. ამის მერე, ალბათ, თავიდან თუ ჩავაბარებ, თორემ იმდენი ახალი რამე წამოვიდა, იმდენი ცვლილება მოხდა განათლებაში, მე აღარ ვარ შესაბამისი კადრი. ამდენი ტრენინგი არსებობს, გადამზადების კურსები – უნდა ნახო, ისწავლო, გამოცდილება დააგროვო. მე მაგის დრო, აბა, აღარ მაქვს. სწავლას მაგდენ ენერგიას როგორღა მოვახმარ.

როგორია თქვენი ერთი დღე?

დილით ვიღვიძებთ დაახლოებით 7 საათისთვის. ჩემი მეუღლე უფრო ადრე გადის სამსახურში. მერე 8-ის ნახვერისკენ ბავშვებიც იღვიძებენ. ყველა ემზადება გასასვლელად. იყო პერიოდი, როცა ერთი ბაღში მიდიოდა, მეორე- სკოლაში, მესამე სახლში რჩებოდა. ეს პერიოდი იყო კატასტროფა. გადარბენაზე ვიყავი- ვინ. სად უნდა მიმეყვანა, ვინ. რას იცვამდა, ვინ. რას ჭამდა, ვინ. სად გარბოდა… ახლა უფრო სიმშვიდეა დილით. ყველა თავისით უვლის თავს. მერე ყველა მიდის და მე ვრჩები მარტო სახლში.

ცხრისკენ ვიწყებ სახლის დალაგებას, ყველაფრის მოწესირებას, მერე სადილი მაქვს გასაკეთებელი. ორისკენ იწყებენ უკვე დაბრუნებას, ჯერ პატარა ბრუნდება, მერე -დანარჩენებიც. ჭამენ, მეცადინეობენ. საღამომდე ძირითადად მეც მათთან ერთად ვარ და ვმეცადინეობთ. არ ვმუშაობ, სხვა საქმე არ მაქვს და ბავშვებს მაინც არ მივაქციო ყურადღება? გადართული ვარ მათ სწავლა-განათლებაზე. ნელ-ნელა ისეთი ჩართულიც აღარ ვარ. აი, უფროსს ყველგან დავყვებოდი – სკოლაში მიმყავდა-მომყავდა. პატარას მაშინ ზუსტად იმ დროს უწევდა ძილი, ის რომ გამომყავდა და სკოლის ეზოში, ხელში აყვანილს ვაძინებდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. საღამოს რვისკენ ვიკრიბებით უკვე ყველა სახლში. და ასე მეორდება ყოველდღე. ისეთი მომაბეზრებელიც არ არის რუტინა…


ვიოლა ბატიაშვილი, 64 წლის, სამი შვილის დედა, ჰყავს 6 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი, ცხოვრობს თბილისში.

“მარტო სკოლა დავამთავრე. სტენოგრაფიის სასწავლებელი იყო ადრე უზნაძის ქუჩაზე და მერე იქ ვსწავლობდი. უმაღლესი განათლება არ მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ დაახლოებით 2 წელი ვიმუშავე და მერე გავთხოვდი. 19 წლის ვიყავი. ჩემი ქმარი მეუბნება, მარტო “კუხნისთვის” დაიბადე, სხვას არაფერს აკეთებო, მაგრამ, აბა, ახლა რა ვქნა? 64 წლის გავხდი უკვე.

ვიოლა ბატიაშვილი 30.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ვიოლა ბატიაშვილი 30.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თავის დროზე თვითონ არ დამრთო ნება, რომ მუშაობა გამეგრძელებინა. არადა, ერთმანეთი სამსახურში გავიცანით, გაზის გამანაწილებელ რაიონულ განყოფილებაში. მე კი ვიმუშავებდი, შევძლებდი, მაგრამ მითხრა, არ გინდაო, იჯექი სახლშიო და არც მე შევწინააღმდეგებივარ, არც პროტესტი გამომიცხადებია. დღემდეც ვერ ვიგებ – რატომ. იმას არ უნდოდა, რომ მემუშავა და ეგ იყო. ვერ ვხსნი მე თვითონ, ასე უსიტყვოდ რატომ დავეთანხმე. მაგრამ პატარაც ვიყავი, გამოუცდელი და არც ჩემი შესაძლებლობების მჯეროდა დიდად. დრო გადის და მერე ისე ეჩვევი სახლში ჯდომას, რომ სურვილიც აღარ გიჩნდება. აღარც თავდაჯერებულობა გაქვს.

ადრე თითქოს არც ვფიქრობდით მაგაზე. იცოდი, რომ გათხოვდებოდი, შვილი გეყოლებოდა და ეგ იქნებოდა შენი მთავარი საქმე. ოჯახი, მეუღლე, ბავშვები… მარტო ჩემთვის არ იყო ასე. ყველასთვის ასე იყო. დედა ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში, ვერ ვიტყვი, რომ მარტო ვიყავი. უბრალოდ, ყველამ ვიცოდით, რომ ქალის ადგილი ოჯახში იყო.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემს ქმარს მძიმე ხასიათი ჰქონდა ან მკაცრად მექცეოდა. არ არის ასეთი ადამიანი. სულ მუშაობდა და ოჯახზე ზრუნავდა.

მთელი ჩემი ცხოვრება ასეთია. ბევრი მოსაყოლიც არაფერია. ჯერ შვილებს ვუვლიდი, ახლა შვილიშვილებს. არც მიძებნია და მიცდია სხვა რამე. ერთხელ ვცადე მხოლოდ.

დაახლოებით 10 წლის წინ გადავწყვიტე და წავედი საბერძნეთში. წასვლა, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, ფული აქ გადავიხადე საბუთების გასაკეთებლად. ჩავედი იქ და არც ვიცოდი, რისთვის ჩავდიოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ოჯახს რომ მოვწყდი, ძალიან გამიჭირდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის. ვერ გავძელი იქ და ჩამოვედი 9 თვეში უკან. ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ოჯახიდან მოშორება, უცხო გარემოსთან შეგუება, იმდენად შეუჩვეველი ვიყავი გარეთ გასვლას და ხალხთან ურთიერთობას. თან მეგონა, თითქოს რაღაც ცუდი ჩავიდინე, რომ ესენი მივატოვე. არიან ადამიანები, რომლებიც ადვილად ერგებიან სიტუაციას, მაგრამ მე ვერ გავძელი. როცა ჩამოვედი, ფინანსურად ცუდი მდგომარეობა გვქონდა. კი ვინანე, იქიდან უფრო დავეხმარებოდი-მეთქი შვილებს, მაგრამ არ შემეძლო იქ ყოფნა.

ჩამოვედი და აქ უსიამოვნებები დამხვდა. კიდევ უფრო მეტად დასჭირდათ ჩემს შვილებს ჩემი დახმარება. ახლაც შვილთან ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე. ჩემი შვილი მუშაობს და ბავშვებს მე ვუვლი. უფროსი შვილიშვილიც გათხოვდა და როცა ლექციები აქვს, ბავშვს ვიტოვებ. აი, დღესაც ჩემთან არის.

ვიოლა ბატიაშვილი 30.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ვიოლა ბატიაშვილი 30.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ვიოლა ბატიაშვილი შვილთაშვილთან ერთად 30.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ვიოლა ბატიაშვილი შვილთაშვილთან ერთად 30.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

როგორია თქვენი ერთი დღე?

დაახლოებით 8 საათისთვის ფეხზე ვარ უკვე. ყავას დავლევ და შევუდგები ჩემს საქმეს. შვილიშვილები უნდა გავამზადო სკოლისთვის. ყველა ვასაუზმო. ბავშვებს რომ გავუშვებ, სახლის დალაგებას ვიწყებ. მოვაწესრიგებ ყველაფერს, მერე სადილს მივუბრუნდები. შუადღისკენ ბრუნდებიან ბავშვები. მერე იმათ უნდა ვაჭამო, მივხედო. დღეში რამდენჯერ ვრეცხავ ჭურჭელს, ვერ გეტყვით – ბევრჯერ! ზოგჯერ საყიდლებზე ვარ გასასვლელი ან მარკეტში, ან ბაზარში. საღამოს შვილებიც ბრუნდებიან, ისინიც უნდა ვავახშმო. მთელი დღე, 8-დან საღამოს 8-მდე, საქმე არ მაკლდება. მერე ასე 1 საათით თუ შევხედავ ტელევიზორს, ან კროსვორდებს გავაკეთებ. ძალიან მიყვარს კროსვორდების შევსება. მხოლოდ ამ დროს ვისვენებ. მერე უკვე ისეთ დაღლილი ვარ, რომ ვიძინებ. ასე მეორდება ყოველდღე. ვიცი, ერთფეროვანია და დამღლელი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მარტო მე არ ვცხოვრობ ასე. ბევრი ქალის ცხოვრება ასეთია.

რატომ არის დიასახლისის შრომა უხილავი?

“იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალების შრომა არის უხილავი, მათ მიერ საზოგადოების განვითარებაში ნათამაშები როლიც არის უხილავი. არა მხოლოდ პრაქტიკულ დონეზე, თეორიულად, აკადემიურადაც კი არ ხდება ამ ქალების შრომითი უფლებების ადვოკატირება. საბოლოოდ, ამ ქალების სისტემიდან გამორიცხვა ფემინისტურ ნარატივებს აკლდება და არ იკვრება ერთიანი სურათი – რა პრობლემები აქვთ დღეს საქართველოში ყოფით ქალებს,” – ამბობს ქალთა ისტორიის მკვლევარი ელენე ბერიაშვილი. იგი თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაციაში “უხილავი შრომა” საქართველოში საშინაო შრომაში ჩაბმული ქალების პრობლემებს იკვლევს.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც საქართველოში ოჯახში გენდერულ ურთიერთობებს ეხებოდა, 2014 წელს ჩატარდა. გაეროს სამი სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში საოჯახო საქმეების განაწილების ისეთი მოდელი, სადაც ქალს სახლში კონკრეტული მოვალეობები აკისრია, ადამიანთა მიერ მოზარდობის პერიოდში დასწავლილ ქცევას ეფუძნება. გოგონათა დაახლოებით 92%-ს მოზარდობისას ასწავლიან ე.წ. ქალურ  საქმიანობას. ამავე კვლევაში მოყვანილ დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, რესპონდენტთა 89% ეთანხმება.

ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ იდეალურ შემთხვევაში ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს (88%).

მამაკაცთა 72% და ქალების 52% იზიარებენ მოსაზრებას, რომ ქალი უფრო ბავშვის გაზრდითა და სახლის მოვლით უნდა იყოს დაკავებული და არა პროფესიული წინსვლით. ამავე დროს, კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 79% იმ აზრს იზიარებს, რომ ქალი უფრო მეტად ოჯახით ფასობს, ვიდრე სამსახურში წარმატებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 12% უმუშევარია. ტრადიციულად, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ეკონომიკურად არაქტიურად ის ადამიანი მიიჩნევა, რომელსაც არ აქვს და არც ეძებს სამუშაოს საშინაო საქმეებით დაკავებულობის გამო. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს.

მსგავსი მოცემულობის ფონზე ქალთა მიმართ სოციალური უთანასწორობა კვლავ პრობლემად რჩება. უხელფასო ქალების შრომით ექსპულატაციას არაერთი ფემინისტური დისკურსი ეწინააღმდეგება და თემაზე მრავალი კვლევა და ნაშრომია შექმნილი. ფემინისტები ოჯახში როლების გადანაწილების მოდელს ეწინააღმდეგებიან და ქალთა უხილავი შრომის საკითხის სახელმწიფო სოციალურ პოლიტიკაში გათვალისწინებას ითხოვენ. მათი თქმით, საშინაო ექსპლუატაცია კიდევ უფრო ეფექტური სწორედ იმიტომაა, რომ მას ხელფასის არარსებობა და კულტურა მალავს. თუმცა საქართველოში აღნიშნულმა თემამ ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა. როგორც ელენე ბერიაშვილი ამბობს, გარდა სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობისა, დიასახლისი ქალების შრომას საქართველოში ვერც ფემინისტური საკითხების მხარდამჭერი ჯგუფები ხედავენ სათანადოდ.

“ფემინისტური დისკურსი საქართველოში არ განიხილავს ამ ქალების უხილავი შრომის საკითხებს. საშინაო შრომა არ აღიქმება შრომად. მაშინ, როდესაც კვლევები უჩვენებს, რომ რეგიონებში მცხოვრები ქალები კიდევ უფრო მეტად შრომობენ შინ, ვიდრე ქალაქად მცხოვრები ქალები. წელიწადში დაახლოებით 80 დღით მეტ სამუშაოს ასრულებენ. ცალკე უნდა განვიხილოთ ის ქალები, რომლებიც ე.წ. ორ ცვლაში მუშაობენ, რაც ნიშნავს, რომ გარდა სამსახურისა, ითავსებენ საშინაო საქმეებს. და მაინც, საქართველოში არსებული ფემინისტური ნარატივები არ არის ამაზე ორიენტირებული. ფემინიზმი უნდა იყოს ყველა ქალისათვის, მათ შორის ამ ქალებისთვისაც, და არა მხოლოდ ელიტური გაგებით.

დიასახლისი ქალების შრომის ანაზღაურების და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი მრავალჯერ გახდა განხილვის საგანი სხვა ქვეყნებში, საქართველოში კი ამაზე დებატები არც კი გაჩენილა. რეალურად, ნებისმიერ ქალთან რომ მიხვიდეთ, ის პირველ რიგში დააყენებს ამ პრობლემას, რომ ან ერთდროულად ვერ უმკლავდება სამსახურსა და სახლის შრომას, ან საერთოდ უარს ამბობს სამსახურზე,” – ამბობს ელენე ბერიაშვილი.

დიასახლისი ქალების შრომის ანაზღაურების მოთხოვნით ქალთა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია 1972 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკში შეიქმნა. ყველაზე გავლენიანი მოძრაობა კი იტალიაში ასევე 1970-იან წლებში დაიწყო. დიასახლისებისთვის “ხელფასის”/სოციალური შემწეობის გადახდის ინიციატივით იტალიაში 2014 წელსაც გამოვიდნენ და საზოგადოებაში გაჩენილი აზრთა სხვადასხაობის მიუხედავად, სახელმწიფომ ასეთი დედებისათვის მცირედი დახმარების გადახდის გადაწყვეტილება მიიღო.

სკანდინავიის ქვეყნებში, როგორც გენდერული თანასწორობის საკითხებში ყველაზე განვითარებული ქვეყნები, სიტყვა დიასახლისი “გადაშენების” პირასაა მისული. მაგალითად, ნორვეგიაში ქვეყნის მოსახლეობის 96% დასაქმებულია. დეკრეტული შვებულების აღება 1 წელზე მეტი ვადითაა შესაძლებელი. საბავშვო ბაღებში კი უკვე 12 თვის ბავშვის მიყვანაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში დეკრეტულ შვებულებას მამებიც აქტიურად იღებენ. ასევე, შვედეთსა და ნორვეგიაში, იმ დღეებშიც კი, როდესაც მშობელი ბავშვის ავადმყოფობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს, ხელფასს იღებენ. თუ ბავშვი მძიმედ ავადაა, მშობელს ასეთი შვებულების აღება მაქსუმუმ 120 დღით შეუძლია. ბერიანიძის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნები გენდერული თანასწორობის საკითხს კომპლექსურად განიხილავენ, ქალებისათვის დახვეწილი სოციალური გარანტები არსებობს, რაც თავის მხრივ დაცულ შრომით გარემოს ქმნის.

“სახლში დარჩენილი დედებისათვის” (Stay at home Moms) რესოციალიზაციისა და სოციალური შეღავათების სხვადასხვა პროგრამა აქვთ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში.

საქართველოში ქალთა აუნაზღაურებელი შრომის შესახებ ცნობიერების ასამაღებლად “უხილავი შრომა” კვლევას აწარმოებს და კრებულის გამოცემისათვის ემზადება. მათ თაგრმნეს ფემინისტური ნაშრომები, რომლებიც ამ თემას ეხება, და გეგმავენ, აქტიურად გახსნან საჯარო დისკუსია დიასახლისი ქალების ჩაგვრის შესახებ.

დაახლოებით რა ღირს დიასახლისის ერთი თვის შრომა? (საშუალო ხელფასი დაანგარიშებულია სხვადასხვა დასაქმების ვებზე გამოქვეყნებულ განცხადებებში მითითებული ხელფასების მიხედვით)

ფუნქციები:

  • ძიძა – 500 ლ.
  • მზარეული – 500 ლ.
  • სახლის დამლაგებელი – 700 ლ.
  • რეპეტიტორი (დაწყებითი კლასის საგნებში) – 500 ლარიდან.
  • ექთანი – 150 ლ.

სულ = 2350 ლ.

ან ჩვენ მიერ შედგენილი კალკულატორით,თავად გამოთვალეთ დიასახლისის შრომა:

მასალების გადაბეჭდვის წესი