ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ საქართველოში არ უნდათ, გამოიტანონ გაკვეთილი წინა წლის კრიზისიდან – რუსეთი კიბერშეტევებზე

21 თებერვალი, 2020 • 1350
სამწუხაროა, რომ საქართველოში არ უნდათ, გამოიტანონ გაკვეთილი წინა წლის კრიზისიდან – რუსეთი კიბერშეტევებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და არაერთი სხვა ქვეყნის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოქტომბერში საქართველოზე მომხდარი კიბერშეტევა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამართველოს (ГРУ/GRU) მიერ იყო მოწყობილი.

როგორც მოსკოვში აღნიშავენ, „საქართველოს ელექტრონულ ქსელებში განხორციელებულ ზიანის მომტან მოქმედებებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების ჩართულობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს“.

მოსკოვში აგრეთვე მიიჩნევენ, რომ „სამწუხაროა, საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გამოიტანონ გაკვეთილი წინა წლის კრიზისიდან“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული განცხადება:

„საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მიერ გაკეთებულ ბრალდებებთან – რუსეთის მიერ ქართულ ინტერნეტ-საიტებზე , სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე „ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების“ განხორციელებასთან დაკავშირებით – გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი.

აშკარად  დადგმული ინფორმაციული ტყუილი და პოლიტიკური მოტივაცია ნათელია. საქართველოს ელექტრონულ ქსელებში ზიანის მომტან მოქმედებებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს.

ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისის და სხვების მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციის სინქრონიზირებული მოქმედება. ოთხი თვე დასჭირდა იმას, რომ რუსეთი დაედანაშაულებინათ ინციდენტში, რომელიც წინა წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა დადანაშაულება კვლავ დაფუძნებულია „highly likely“-ის პრინციპზე.

სამწუხაროა, რომ საქართველოში არ  სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გამოიტანონ გაკვეთილი წინა წლის კრიზისიდან. ეს დამატებით ამძაფრებს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს. კვლავ დარწმუნებული ვართ, რომ არსებული უთანხმოებების დაძლევა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ“.

საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში კიბერთავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი