ახალი ამბები

გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი რუსი ხელმძღვანელობდა ამბოხებას – მერაბიშვილი “ორ გვამზე”

20 თებერვალი, 2020 • 2579
გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი რუსი ხელმძღვანელობდა ამბოხებას – მერაბიშვილი “ორ გვამზე”

შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ვადის მოხდის შემდეგ 20 თებერვალს დატოვა საპატიმრო, რამდენიმე წლის წინ გავრცელებულ “ორი გვამის” შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრობს და მას კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს. 

საუბარია ვიდეომასალაზე, რომელიც 2014 წლის 29 იანვარს გავრცელდა. 

ვიდეომასალაში ჩანდნენ  ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი: 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი”, – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც.

“ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა იყო ამბოხება საქართველოში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი რუსი, გენშტაბის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. მტკიცებულება მოიცილეს მეამბოხეებმა გაქცევის წინ და იქ ვუთხარი, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება, ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებამ ადგა და გამოიყენა. მე არ მქონდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა”, – განაცხადა მერაბიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში 2020 წლის 20 თებერვალს. მისთვის დამატებით ამ თემაზე კითხვები არ დაუსვამთ. 

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით 2014 წელს “ნეტგაზეთთან” კომენტარი გააკეთა შოთა უტიაშვილმა, რომელიც მუხროვანის სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. მან განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა თავდაპირველად გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, თუმცა შემდეგ მათი დაკავების ბრძანებით შეცვალა.

“მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, მაგრამ კარგად ვიცი, იქ რაც ხდებოდა. ეს არის ის ვითარება, როდესაც მთავრობამ წაუყენა ულტიმატუმი აჯანყებულებს და უთხრა: ან ჩაგვბარდებით ახლავე და ან დაგბომბავთ. ამის შემდეგ კრიალაშვილი და ამირიძე არწმუნებენ სამხედროებს, რომ არ დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. სამხედროები დაუკავშირდნენ სხვადასხვა ნაწილებში თავიანთ მეგობრებს და მიხვდნენ, რომ არცერთი ნაწილი მხარს არ უჭერს ამ ამბოხებას და გადაწყვიტეს, რომ ჩაბარებულიყვნენ. ისინი ჩაბარდნენ. კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე კი ბაზიდან გაიქცნენ”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

მისი თქმით, ამირიძე ამ დროს ორთაჭალის რეინჯერთა ბატალიონის სარდალი იყო და ეს იყო ბატალიონი, რომელიც ასევე  უნდა აჯანყებულიყო:

“არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი აწარმოებდა მოლაპარაკებას აჯანყების შესახებ სხვა მეთაურებთანაც და ვანო იძლევა ბრძანებას – ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი – კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? – ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია”, – აცხადებდა მაშინ  შოთა უტიაშვილი.

უტიაშვილი: მერაბიშვილს ჰქონდა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება, რადგან მიმდინარე ამბოხი იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი