ახალი ამბები

უტიაშვილი: მერაბიშვილს ჰქონდა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება, რადგან მიმდინარე ამბოხი იყო

30 იანვარი, 2014 • 2353
უტიაშვილი: მერაბიშვილს ჰქონდა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება, რადგან მიმდინარე ამბოხი იყო

როგორც შოთა უტიაშვილი ამბობს, 9 წლის განმავლობაში, თუ 2008 წლის ომს არ ჩავთვლით, ქვეყანას ამ ამბოხებაზე დიდი საფრთხე არ შექმნია, ამიტომ ვანო მერაბიშვილის მხრიდან ამბოხებულთა ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების გაცემა გასაკვირი არ არის:

“მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, მაგრამ კარგად ვიცი, იქ რაც ხდებოდა. ეს არის ის ვითარება, როდესაც მთავრობამ წაუყენა ულტიმატუმი აჯანყებულებს და უთხრა: ან ჩაგვბარდებით ახლავე და ან დაგბომბავთ. ამის შემდეგ კრიალაშვილი და ამირიძე არწმუნებენ სამხედროებს, რომ არ დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. სამხედროები დაუკავშირდნენ სხვადასხვა ნაწილებში თავიანთ მეგობრებს და მიხვდნენ, რომ არც ერთი ნაწილი მხარს არ უჭერს ამ ამბოხებას და გადაწყვიტეს, რომ ჩაბარებულიყვნენ. ისინი ჩაბარდნენ. კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე კი ბაზიდან გაიქცნენ”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

მისი თქმით, ამირიძე ამ დროს ორთაჭალის რეინჯერთა ბატალიონის სარდალი იყო და ეს იყო ბატალიონი, რომელიც ასევე  უნდა აჯანყებულიყო:

“არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი აწარმოებდა მოლაპარაკებას აჯანყების შესახებ სხვა მეთაურებთანაც და ვანო იძლევა ბრძანებას – ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი – კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? – ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

მისივე თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამბოხებულები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მოკვლასაც გეგმავდნენ.

“აჯანყდა თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ყველაზე დიდი სატანკო ნაწილი და ეს ხალხი – კრიალაშვილი და ოთანაძე, როგორც გამოძიებამ დაადგინა შემდეგ, ებრალიძის ინსპირირებით ხალხს მოუწოდებდა, რომ ტანკები დაექოქათ და წამოსულიყვნენ თბილისზე. იქ არის შემდეგ ბევრი ვიდეოები, სადაც იყო ლაპარაკი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოკვლაზე, მათ შორის მერაბიშვილის და სხვებისაც, რაც უკვე მერე გავიგეთ და ბევრი ოპერატიული ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ აქ საქმე გვქონდა სწორედ ამბოხის მცდელობასთან. უამრავი მტკიცებულებაა, რაც ამას ადასტურებს და ის, რომ ამბოხი ხდებოდა, ვერ უარყო ვერავინ, მათ შორის ვერც ამ მთავრობამ, რომელიც ყველაფერში ცდილობს რაღაცა ფარული დაინახოს. ერთ–ერთ მეთოდად ამბოხების ჩახშობის განიხილებოდა მუხროვანის ბაზის საჰაერო დაბომბვა და, საბოლოო ჯამში, ამან გადააწყვეტინა ამბოხებულებს, რომ ჩაბარებულიყვნენ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” შოთა უტიაშვილმა.

იგი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ზუსტად ვინ გადაიღო ვიდეომასალა, რომელიც გუშინ, 29 იანვარს youtube-ზე appolon osman-ის სახელით გავრცელდა.

“როგორც ჩანს, ბევრი კამერა იყო და კონკრეტულად ვინ გადაიღო ეს, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გაავრცელა მთავრობამ. ზუსტად ეს კადრები ინახებოდა თუ არა არქივში, არ ვიცი, მაგრამ იქ ჩანს ბევრი კამერა და, რა თქმა უნდა, ეს კადრები არქივში დარჩებოდა. სააკაშვილი რადგან იყო, სააკაშვილის კამერაც იქნებოდა, ცხადია, თავდაცვის სამინისტროც იყო და მათი ოპერატორებიც იქნებოდნენ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა უტიაშვილმა.

ვიდეომასალაზე, რომელიც გუშინ გავრცელდა, ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც.

ვიდეომასალის ავთენტურობა დადგინილი არ არის. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება.

მუხროვანში „სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხების გეგმის ჩაშლის და ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე წინა ხელისუფლებამ 2009 წლის 5 მაისს განაცხადა. სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა გენერალი გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა კობა ოთანაძე.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს – ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს – კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დაავალა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს –  სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს – 9-წლიანი პატიმრობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მუხროვანის საქმისთვის მსჯავრდებულებიპოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი