ახალი ამბები

კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტზე – პრეზიდენტი

20 თებერვალი, 2020 • 962
კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტზე – პრეზიდენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კიბერშეტევაზე გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტი ეხმაურება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა”,-წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კერძოდ, კიბერშეტების ობიექტები იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო სისტემა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი