ახალი ამბებისამართალი

5 მნიშვნელოვანი ფაქტი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე

20 თებერვალი, 2020 • 8421
5 მნიშვნელოვანი ფაქტი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 თებერვალს, 6 წლისა  და 9-თვის შემდეგ,  საპატიმრო დატოვა. გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს, რომელიც მერაბიშვილის პატიმრობას ეხება.

საქმეები, რომლებზეც მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის ხუთ საქმეზე იყო მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ჰქონდა მისჯილი.

  • მითვისება-გაფლანგვა/ამომრჩევლის მოსყიდვა 

2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. სასამართლომ ყოფილი პრემიერი ასევე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა). მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებაშიც.

  • 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმე

2014 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ შს მინისტრს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად ეს ვადა შემცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, “2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება”.

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. მოსამართლემ “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ბრალდების ნაწილში ყოფილი შს მინისტრი უდანაშაულოდ, ხოლო „ბ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.

  • სანდრო გირგვლიანის საქმე

2014 წლის 20 ოქტომბერს სასამართლომ ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ცნო დამნაშავედ. შედეგად, ყოფილ პრემიერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ამ საქმეზე მერაბიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, და 341-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ სიყალბეს.

პროკურატურის განცხადებით, “ეს გამოიხატა მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ასევე, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათი სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგიების უზრუნველყოფისათვის, ასევე, მათი სასჯელიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების ხელშეწყობაში”.

  • ვალერი გელაშვილის საქმე

2016 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შს მინისტრი პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში გაამტყუნა, ხოლო ორ დღეში ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

2017 წლის 1 ნოემბერს გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი უზენაესმა სასამართლომაც გაამტყუნა. ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის. 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად ყოფილ შს მინისტრს 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წართმეული ქონების გამო და შეურაცხმყოფელად იხსენიებდა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით მისი ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა შს სამინისტროს იმჟამინდელ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას, მან კი, ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს, გია სირაძეს. 2005 წლის 14 ივლისს, სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებმა მოახდინეს ვ. გელაშვილს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, თავს დაესხნენ მას და მის თანხმლებ პირებს, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სცემეს. ცემის შედეგად ვ. გელაშვილმა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

  • “აკურას” ღვინის ქარხნის საქმე

2017 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “აკურას” ღვინის ქარხნის საქმეზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის და 6 თვის ვადით.

მთლიანობაში ვანო მერაბიშვილს შთანთქმის პრინციპით 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა, რომელიც დღეს, 19 თებერვალს ამოიწურა.

  • 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეზე.

მერაბიშვილს ამ საქმეზე ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარედგინა. ბრალდების თანახმად, ივანე მერაბიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საგანგებო თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შედგენილიყო მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეთა სია, რომელთაც ფიზიკურად უნდა გასწორებოდნენ.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სწორედ ამ თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე განხორციელდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა. ბრალდების მხარე, ასევე, ირწმუნება, რომ ივანე მერაბიშვილი მონაწილეობდა “იმედში” შეჭრასა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ეპიზოდებში.

როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთო კახიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მერაბიშვილი ამ საქმეზე პატიმრობაში ვერ დაბრუნდება, რადგან შთანთქმის პრინციპი იმოქმედებს და ყოფილ შს მინისტრს დამატებითი სასჯელის მოხდა არ მოუწევს.

ციხიდან გაყვანის ეპიზოდი

ვანო მერაბიშვილის თქმით, 2013 წლის 14 დეკემბერს, შუაღამისას, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და, სავარაუდოდ, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს, ან პროკურატურაში, სადაც პროკურატურისა და სასჯელაღსრულების მაშინდელი მაღალჩინოსნები, ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ. როგორც მერაბიშვილმა თქვა, მაღალჩინოსნებმა მას სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ციხიდან მალე გამოშვებას დაჰპირდნენ. ასევე, როგორც მერაბიშვილი ამბობს, მათ მოითხოვეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე მასალების მიწოდება.

მერაბიშვილი ითხოვდა ციხის ჩანაწერების გამოქვეყნებას, სადაც, მისივე თქმით, გამოჩნდებოდა მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდი. ხელისუფლება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტს უარყოფდა. ჩანაწერები კი, რომლის გამოქვეყნებასაც მერაბიშვილი ითხოვდა, იმ მიზეზით, რომ “კომპიუტერული სისტემის მიერ უკვე წაშლილი იყო ავტომატურად”, ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია.

ამ საქმეზე გამოძიება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ,  2018 წლის 12 ივლისს დაიწყო, მანამდე ბრალდებას თავად სასჯელაღსრულების სისტემა იკვლევდა. სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებები

მერაბიშვილის საქმეზე 2016 წლის 14 ივნის გადაწყვეტილბაში ეწერა, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ, ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის სარჩელში ციხიდან გაყვანის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე არსებითი იყო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან.

ამასთან, სტრასბურგმა მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ამ მუხლთან დაკავშირებით მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს.

სასამართლოს პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს. 

სტრასბურგის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ამავე სასამართლოს დიდ პალატაში ერთი კონკრეტული პუნქტის გამო, რომელიც ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა, თუმცა, დიდი პალატის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმე წააგო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების თანახმად, 320-329 პარაგრაფის მიხედვით, მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები. გადაწყვეტილების ამ ნაწილში მართლაც წერია, რომ მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამის სათქმელად საკმარისი არ არის:

“მართალია, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნების” მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ეს არ არის საკმარისი იმის საჩვენებლად, რომ რომ პატიმრობის უპირატესი მიზეზი ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის მონაწილეობის შეჩერება იყო და არა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სათანადო პროცედურების ჩატარება”,- ვკითხულობთ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

დიდი პალატის გადაწყვეტილებაში წერია, რომ განმცხადებლის (მერაბიშვილის) წინასწარ პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, თუმცა, მოგვაინებით, უკანონოდ იქნა გამოყენებული მასზე ზეწოლის მოსახდენად. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ არ არის დადგენილი, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ძირითადად ემსახურებოდა თუ არა ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის ჩამოცილებას. თუმცა სასამართლომ საკმარისად დამაჯერებლად და დადასტურებულად მიიჩნია მერაბიშვილის ბრალდებები წინასწარი პატიმრობის პერიოდში ციხიდან მის გაყვანასთან და გვიან ღამით დაკითხვასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5 § 1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), რაც შეეხება მერაბიშვილის დაკავებას ან მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში გატარებული წლების მანძილზე სამარტოო საკანში იმყოფებოდა და სხვა პატიმრებთან კონტაქტი არ ჰქონდა. მისი თქმით, პენიტენციური სამსახური ამას უსაფრთხოების მიზნებით ხსნიდა, თუმცა თავად ადვოკატი არაადამინაურ მოპყრობად აფასებდა.

ამასთან, მერაბიშვილს პატიმრობაში ყოფნისას რამდენჯერმე ჩამოართვეს და შემდეგ უკან დაუბრუნეს ტელევიზორი.

2013 წელს ვანო მერაბიშვილმა საკანში ტელევიზორის შეტანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. იუსტიიციის მინისტრი თეა წულუკიანი მაშინ ამბობდა, რომ თუ მერაბიშვილი სანიმუშოდ მოიქცეოდა, ტელევიზორს მიიღებდა:

“თუ მერაბიშვილი მოიქცევა სანიმუშოდ, ისე, როგორც პატიმრობის კოდექსი ითვალისწინებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მას არა მარტო ტელევიზორს, არამედ რადიომიმღებსაც მისცემს. ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილი სანიმუშოდ იქცევა”, – ამბობდა წულუკიანი.

მოგვიანებით, მერაბიშვილის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას ტელევიზორი გადასცეს, თუმცა 2015 წელს კვლავ ჩამოართვეს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა მაშინ “ნეტგაზეთს” უთხრა,  2015 წლის მარტის დასაწყისში “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მოწამვლას აპირებდა ციხეში, რის გამოყენებასაც შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის ეცდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილს საპატიმროში საკვებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა რამდენიმე საათის განმავლობაში, “რაზეც მან გამოთქვა პროტესტი, რაც ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაუთვალეს” და  ტელევიზორი ჩამოართვეს.

პოლიტიკური განცხადებები ციხიდან და მისი დატოვების შემდეგ

ბოლო პოლიტიკური განცხადება საპატიმროდან ვანო მერაბიშვილმა 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაავრცელა.

მერაბიშვილი ამბობდა, რომ პირველ ტურში დამარცხების შემდეგ “ქართულ ონებაში” სრული ისტერიკა დაიწყო და “ოცნების” მარცხი გარდაუვალია.  ამავე განცხადებაში მერაბიშვილი აღნიშნავდა, რომ მას შეწყალება არ სჭირდებოდა :

“დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც “ქართული ოცნებისა” თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში” ,- ამბობდა მერაბიშვილი.

ამ განცხადების შემდეგ მერაბიშვილის გვერდზე ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრის განცხადებები აღარ ატვირთულა.

მანამდე მერაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობიდან” “ევროპული საქართველოს” გამოყოფაზე და აღნიშნა, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა. მისივე თქმით, ამ ორ ძალას ვერ ყოფს, რადგან ორივე მათგანში ხედავს თავის მეგობრებს და ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია.

საპატიმროს დატოვების შემდეგ, 2020 წლის 20 თებერვალს, მერაბიშვილმა განაცხადა,  რომ აქტიურ პოლიტიკაში ბურნდება, თუმცა ამ ეტაპზე თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს:

“კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით მე აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, რადგან ვიყავი იზოლაციაში და ჩამოცილებული ვიყავი პროცესებს. დღეს არ შემიძლია განცხადებების გაკეთება, რადგან ამ 5 წუთში, რაც გამოვედი ციხიდან, არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას. მე მჭირდება გარკვეული დრო” ,– უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის შემდეგ იტყვის საჯაროდ, ითანამშრომლებს “ევროპულ საქართველოსთან” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. კითხვაზე, შეხვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის შეხვდება ყველას. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს.

“მე ჩავერთვები აქტიურ პოლიტიკაში ამ რეჟიმის დასამარცხებლად”, – თქვა ვანო მერაბიშვილმა.

არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ევროპულ საქართველოს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ საჯარო სურვილი, რომ მათ რიგებში მერაბიშვილის ხილვა სურთ. ისინი აცხადებენ, რომ ჯერ მერაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი